ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

იანვარი

ქუთაისში დაარსდა ქართველი სიმბოლისტების ლიტერატურული ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდნენ: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, სანდრო ცირეკიძე; 1918 წლიდან შეუერთდნენ: სერგო კლდიაშვილი, გიორგი ლეონიძე, ნიკოლო მიწიშვილი, შალვა აფხაიძე, რაჟდენ გვეტაძე, შალვა კარმელი, ალი არსენიშვილი, ლელი (ლევან) ჯაფარიძე. ცისფერყანწელების პერიოდული გამოცემები იყო: ჟურნალები „ცისფერი ყანწები“ (1916), „მეოცნებე ნიამორები“ (1918_1924), „შვილდოსანი“ (1920); გაზეთები: „ბარრიკადი“ (1920_1924), „ბახტრიონი“ (1922_1923), „რუბიკონი“ (1927), „ლაშარი“ (1929).

14 თებერვალი

გალაკტიონის მონაწილეობით ქუთაისში ჩატარდა შიო მღვიმელის სალიტერატურო მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დილა.

20-26 თებერვალი

გალაკტიონმა და გიორგი ქუჩიშვილმა ყვირილაში (ზესტაფონში) გამართეს სალიტერატურო საღამოები.

28 თებერვალი

გამოიცა ალმანახის „ცისფერი ყანწები“ პირველი ნომერი, სადაც დაიბეჭდა გალაკტიონის ორი ლექსი: „მთაწმინდის მთვარე“ და „ლურჯა ცხენები“. ჟურნალის გამოსვლას პრესაში ნეგატიური გამოხმაურებები მოჰყვა, რამაც გალაკტიონსა და ცისფერყანწელებს შორის უთანხმოება გამოიწვია.

წერილი ოლიას -21 (15 დეკემბერი)

დამატებითი ინფორმაცია

* * *

გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო ფოთსა და ლანჩხუთში გამართულ დიდ სალიტერატურო დილებში.

* * *

გაზეთში „საქართველო“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის წერილი – „მარტოობის ორდენის კავალერი (გალაკტიონ ტაბიძე)“.

* * *

გალაკტიონმა ქუთაისის გუბერნიის საერობო აგრონომიული ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო აღწერაში.

20 აგვისტო

მოსკოვში გამგზავრების წინ, ქუთაისის ახალგაზრდობამ გაზეთის „სამშობლო“ რედაქციას გალაკტიონისთვის მისართმევად გადასცა ვერცხლის კალამი წარწერით: „გალაკტიონს, პოეტების მეფეს“.

23 აგვისტო

გალაკტიონმა და ოლია ოკუჯავამ იქორწნეს.

9 სექტემბერი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ განიხილა მთხოვნელთა განცხადებები და სტიპენდიის დანიშვნის კანდიდატად, სხვა პირთა შორის, მიიჩნია გალაკტიონ ტაბიძეც. გალაკტიონის კანდიდატურა მთავარ გამგეობას საბუთების წარმოუდგენლობის გამო არ დაუმტკიცებია.

14 სექტემბერი

გალაკტიონი და ოლია მოსკოვში ჩავიდნენ.

დამატებითი ინფორმაცია

ოქტომბერი

მოსკოვში ქართველმა სტუდენტებმა, ვასილ ყიფიანის ინიციატივით,გალაკტიონის საღამო გამართეს, რომელსაც დაესწრო კონსტანტინ ბალმონტი.

24 ნოემბერი

გალაკტიონი მოსკოვიდან საქართველოში გამოემგზავრა.

29 ნოემბერი

გალაკტიონი დაბრუნდა ქუთაისში.

დამატებითი ინფორმაცია

დეკემბერი

გალაკტიონი დაბინავდა ფიოდორ (ფედია) ჩუდეცკისთან. გალაკტიონის პორტრეტები დახატეს ფიოდორ ჩუდეცკიმ და ვასილ კროტკოვმა.

დამატებითი ინფორმაცია

23 დეკემბერი

ქუთაისის თეატრში გაიმართა გალაკტიონის დიდი საღამო: „...საღამო დაიწყო ბ. ალ. წერეთელის ლექციით: „ნეორომანტიზმი ქართულ უახლეს ლიტერატურაში“... ლექციის შემდეგ დაიწყო ბ-ნ ტაბიძის ლექსების კითხვა. ფარდა აიხადა და სცენაზე გამოჩნდა სურათი: სამი ასული, თეთრ მოსასხამში, ჭიანურით ხელში. შემდეგ ცოცხალ სურათად დადგმული იყო ლექსი „მერი“. თარებს ქვეშ ჯვარის საწერად გამოწყობილი დგას ასული და თეთრ სვეტს მიყრდნობილი, ნაბადში გახვეული მოჩანს თვით მგოსანი. ჭიანური უკრავს და ლოჟიდან ლექსს „მერი“ კითხულობს პაოლო იაშვილი... შემდეგ ლ. ჯაფარიძემ და ვ. გაფრინდაშვილმა წაიკითხეს გ. ტაბიძის ლექსები: „მე და ღამე“, „ვერხვები“ და სხვ. უკანასკნელ განყოფილებაში თვითონ გალ. ტაბიძემ წაიკითხა თავისი ლექსები. საზოგადოება მხურვალე ტაშისცემით აჯილდოებდა მგოსანს. დებმა იშხნელებმა გიტარაზე იმღერეს გალ. ტაბიძის ლექსები. საერთოდ, საღამო ძლიერ საინტერესო იყო და მხოლოდ, სამწუხაროდ, ხალხი ცოტა დაესწრო შედარებით“ – გაზეთი „ჩვენი მეგობარი“, #242, 1916.

დამატებითი ინფორმაცია