შუალედი - დან - მდე
 
 


პოლ ვერლენ


* * *

გულუბრყვილონი ან სნეულნი, ზაფრანის ფერით -
სიამოვნებას იპოვიან ფოთლების ჟღერით,
იქ სიგრილეა, სურნელება.. და მათთვის კმარა
ტყე სხვებისთვის კი მისტიური არი კამარა.

მე კი, როდესაც საღამოა და ტყე ბინდდება,
გავხედავ სერებს და უეცრად შემეშინდება.
მაშინებს ქენჯნა სულიერი, ტანჯვის კალთები
მომელანდება.. და მხდალივით ავკანკალდები.

თითქო ვიღაცა მიდარაჯებს, წყვდიადით შავით
და შავ დუმილის სამოსელში რტოების შვავით
თითონ სიჩუმე უბოროტეს ხეთა ხელებით
ჩემს გულს აღავსებს სასიკვდილო საშინელებით.

საღამო ხანად, ჯერ სანამდე მზე ჩასვენდება,
რუხი ნისლების ნამქერებში ცეცხლი ენთება,
თითქო სისხლი ჩქეფს, სწუხს სადღაცა საღამოს ზარი,
როგორც ვიღაცის დაკივლება ჩუმი და მკვდარი.

მძიმე ჰაერი მხურვალეა უფრო ჩქარ-ჩქარა,
ქარმა რტოები მუხებისა ააჩანჩქარა.
შრიალი მათი იდუმალი არის სამოსი,
რომელშიც მძიმედ შთაინთქმება ტყე მიდამოსი.

ჩამოდის ღამე. ბუ გაფრინდა. აი საათი,
როს გაგონდება ძველისძველი გადმოცემანი.
და ხევში, ქვევით ჩუმად შფოთავს მდინარის ზღუდე,
ვით გადავარდნილ ყაჩაღების თავშესაფარი.

1925