შუალედი - დან - მდე
 
 


პოლ ვერლენ


* * *

მათ არ აშინებთ გაჭირვება და უძილობა,
არც მწუხარება, არც შიმშილი, არც დაღლილობა,
ისევ ძონძებში მოივლიან ქვეყნის დასავალს
და ამდიდრებენ ისეც მდიდარ თავგადასავალს.

ბრძენი სასჯელად ეუბნება მათ დარიგებას.
სულელი მათთან ვერ ახერხებს სიტყვის მიგებას,
ქალებისაგან ბოლო არ აქვს (საცინლად დენას),
ქუჩის ბიჭები უჩვენებენ ყოველწამს ენას.

მათი ყოფნაა შხამიანი და მოსისხარი,
თვითონ ისინი სასაცილო და საზიზღარი,
დადიან ღამით, დადიან დღით, დღე და ცისმარი,
ვით სიბნელეში ვიღაცაის ავი სიზმარი...

მღერიან... ის ხმა უბრალოა, როგორც დარება,
მათში მოისმის იდუმალთა ხმათ მწუხარება,
იმ სამშობლოზე, რომელიც აწ დაკარგულია,
იმ სიყვარულზე - რომლის კუბო ჩვენი გულია.

იხეტიალეთ, ასეთნაირ განწირულებით,
თქვენ, განდევნილნო ადამიანთ მწარე წყლულებით,
იხეტიალეთ სამოთხეთა დახურულ კართან,
ზღვათა და ხმელთა გრიგალებთან და ქვეყნის ქართან.

დაუმეგობრდა თვით ბუნებას ადამიანი,
რათა სასჯელი მოგანიჭოსთ თქვენ შხამიანი,
იმიტომ რომ თქვენ, ამაყებმა, სიმწუხარეში
თავაღებულად ქვეყანაზე იცით თარეში.

და თქვენ, აბეზართ, გიპასუხებთ შურისძიებით
ბუნების ძალთა ტლანქი რისხვა მწარე ციებით.
მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ გაქვთ რაღაც იმედი
იმ დასაყრდომის, რომელზედაც სწუხს არხიმედი.

ხან სიცხისაგან თან წაყვება თქვენს სხეულს გმინვა,
ხან კი ძვალ-რბილში გაგიჯდებათ ქარი და ყინვა.
თავში ძლიერი ავარდება ცხელი ანთება,
ეკლებივით გჩხვლეტსთ ხან სიცხადე, ხან მოლანდება.

თქვენ ყველა გდევნის გაჩენიდან სიკვდილის დღემდე,
მაგრამ უეცარ აღსასრულის მოვარდნის შემდეგ
შეეშინდება თვითონ აფთარს მშიერს და წყეულს,
ოდეს დახედავს თქვენს გაყინულს და გამხდარ სხეულს.

1925