ბესო
ოსური ლეგენდა
1
გაზაფხულის მზე კარგა ზემოდ იყო ამოსული მოკრიალებულ ლაჟვარდ ცაზედ და თვის ბრწყინვალე სხივებს უხვადა ჰფენდა კავკასიონის მთის ამწვანებულ ფერდობებს. სითბო ამ სხივებისა ღრმად ჩადიოდა დედამიწაში და სიცოცხლის ფრთებს ასხამდა ყოველს არსებათ. საკვირველი, გასაოცარი ამბები ხდებოდა ყოველგან, სადაც კი ცხოველი მზის სხივთა გამომაფხიზლებელი ძალა ტრიალდებოდა. იქ, სადაც ამ წინაზედ სრული არა-რაობა იყო და დაურღვეველ სიჩუმეს ყოველივე მოეცვა, სადაც თითქო ყველაფერი მკვდარიაო - იქ ეხლა სიცოცხლე სდუღდა, ახლად აღმოცენებული ბალახები და ნაზად გადაშლილი ყვავილები თავისი მშვენიერის ფერებით ელვარებდენ, სხვადასხვანაირი უთვალავი სულდგმულნი დაფრინავდენ და დაცოცავდენ. ვინ იცის, რამდენი ამ სულდგმულთაგანნი უსიცოცხლოდ იყო გუშინ დედამიწაში და რამდენ მათგანს ხვალამდისინ ბოლო მოეღება, მაგრამ ამისათვინ თავს არავინ იწუხებდა და ყოველი მათგანი ცდილობდა სიცოცხლით დამტკბარიყო, ბრწყინვალე მზის სხივებით... ყველა გრძნობდა, რომ მზე და სიცოცხლე ერთი და იგივეა.
მხოლოდ ადამიანებს არ ესმოდათ ესა... იმათ საშინლად ცხელოდათ და შეწუხებულნი თავის სახლებში იმალებოდენ. დერეფნების ჩრდილში ნებივრად წამოწოლილი ოსები ნელნელა სთლიდენ ჯოხებს. ასე გასინჯეთ, ამათ ქალებსაც კი ხელი აეღოთ მუშაობაზე, რომელიც შინ და მინდორში მხოლოდ ამათ აწევთ კისერზე, თავი მოეყარათ მოფარებულ ადგილებში და დაიმედებულნი, რომ მათ ქმრები ვერა ჰხედავენ, ერთმანეთთან ლაპარაკით ერთობოდენ, სიცხისგან დაოსებული ბავშვებიც თავის დედებს მისხდომოდენ მუხლიძირას და ძილისათვის გამზადებულიყვნენ.
* * *
მაგრამ ყველა როდი იყო ასეთ ზარმაცულ განცხრომაში; სოფლის ზემოდ, ციცაბო მთაზედ კლდეებსა და ღრეთ შორის გატკეპნილ ვიწრო ბილიკზე მიდიოდა მზისგან დამწვარი, შავთვალწარბა, ღონიერი და მარდი ბიჭი, ნამდვილი შვილი ამ უზარმაზარი მთებისა, პატარა მწყევსი ბესო, რომელიც მარჯვედ მიერეკებოდა თხის პატარა ფარას. ბესო ყველაზედ უმცროსი იყო ოჯახში და უფროსებმა სისხამ დილაზედ გამოაგდეს მთებში თხების საძოვნელად. თუმცა ამასაც გულით უნდოდა შინ დარჩენა და ჩრდილში გორაობა, მაგრამ უფროსების ბრძანებას მაინც ვერ გადვიდა: კარგად იცოდა, რომ [უარის თქმისთვის ბევრიც მოხვდებოდა და] მთაში წასვლასაც ვერ აიცდენდა.
და აი, პირი დაიბანა, ტანთ ჩაიცვა, წამოიკიდა პატარა გუდა, რომელშიაც ნაცრიდამ ახლად გამოღებული ხმიადი და ცოტა ყველი ჩაიწყო, წამოავლო ჯოხს ხელი, გაირეკა წინ თხები და გასწია მაღალ მთის ფერდობებზედ. ადიოდა სულ მაღლა, და მაღლა, ეჯიბრებოდა თავის თხებს კლდიდან კლდეზედ ხტომაში და მარდათ არბოდა საშინელს დაქანებულ გვერდებზედ. ცუდ გუნებაზედ მყოფი ბესო მალე გამხიარულდა და თვის ზარის მსგავსი ხმით მხიარულად დაიძახა მოხდენილი სიმღერა, რომელსაც უზარმაზარი მთები გუგუნით ბანს ეუბნებოდენ.
ის არ გრძნობდა დაღალვას, არ გრძნობდა სიცხესაც, რადგან ისეთ სიმაღლეზე ავიდა, რომ იქ, დაშორებით, უფრო გრილოდა, სანამ დაბლა, სოფელში, წმინდა ჰაერი ამხნევებდა მას და გრილი ჰავა სიცოცხლით ავსებდა მის სულსა და გულს.
ბესო დაადგა ერთ პატარა ბილიკს, რომელმაც მალე გაგანივრება იწყო. ამ გზის ორთავ მხარეს მშვენიერი საძოვარი ბალახი იყო ამოსული; თხები მხიარულად ხტუნაობდენ და სიამოვნებით შეექცეოდენ ნოყიერ ნამიან ბალახს. აგერ საღამოს ჟამიც მოახლოვდა: მზე ნელ-ნელა დასავლეთის მთებს [ესალმებოდა] ეფარებოდა და გრძელგრძელი ჩრდილები ფარავდენ არე-მარეს. ახლა კი იგრძნო ბესომ შიმშილი და დასვენება მოინდომა... იქვე ახლო მან დაინახა ანკარა წყარო, რომელიც ქვებსა და ბალახებში თავ-ქვე მიწანწკარებდა... ბესო ამ წყაროს მიუჯდა გვერდით, გაიგრილა ცივი წყლით სახე, დაიბანა ხელები, გახსნა თავისი გუდა, და იქიდან ყველის ნაჭერი და ხმიადი ამოიღო... გემრიელად მიაძღა ამ სამხარს ბესო და ანკარა წყაროს წყლით გული გაიგრილა. ამ სამხარის შემდეგ უფრო კარგს გუნებაზედ დადგა; უფრო მხიარულად და თავისუფლად იგრძნო თავისი თავი. გულითადის კმაყოფილებით დაიცქირებოდა ის ფეხებზედ, რომლებზედაც მამისაგან ნაჩუქი ახლადამოსხმული, ლამაზი, კოხტა, და რბილი ქალამნები ეცვა. დიდხანს სტკბებოდა ბესო ამ ქალამნების ცქერით. ბოლოს თავი მაღლა აიღო და თვალი გადაავლო თავის გარშემო ამართულ უზარმაზარ მთებსა. საუცხოვო რამ იყო ის არე-მარე... ბესოს ეგონა, რომ ის ძალიან ახლოა ცაზედ. აგერ, აქვე, აიმ მწვანე მთას იქით, იალბუზს ამოუყვია ძვირფას მარგალიტივით ბრჭყვიალა, მოელვარე თოვლიანი თავი. ეს ხომ ყველამ იცის, რომ ეს თავი ცაზეა მიბჟენილი!..
„მაშ, ცა აქვე ახლო ყოფილა! რა კარგი იქნება, რომ ავიდე როგორმეო იქ!“ - ფიქრობდა ბესო, - „ნეტა რა ამბავია იქა“.
რა იყო და რა ხდებოდა იქ - ბესომ არაფერი არ იცოდა. მაგრამ ფიქრები კი ბევრს სიმშვენიერეს და დიდებულებათ უხატავდნენ მას... ბევრი რამ ეგონა იქ, რაც იმათ სოფლელებს ფიქრათაც არ მოსვლიათ... ნეტა ვინ ცხოვრობდენ იმ მშვენიერ ვერცხლისა და ოქროს ოთახებში, რომლებიც მთელი ღამე ვერცხლის შუქით არიან განათებულნი? იქ სწორედ მთელი ღამე ლხინი და შექცევაა. აგერ, პირველ ოთახში ინთება კიდეც ცეცხლი! საკვირველია, ცეცხლის შუქი პირველად, ყველაზე უწინ მაგ ოთახში გამოჩნდება ხოლმე, ჩაეშვება თუ არა მზე, იქ მაშინვე ცეცხლს ანთებენ.
ბესო გაფაციცებით შესცქეროდა ბინდგადაკრულ ლაჟვარდ ცას, სადაც ერთი ერთმანეთზე საჩქაროდ ზეციური ცეცხლები ენთებოდენ.
- ოჰ, ნეტავი ეხლა იქ დამსვა, - [გაიფიქრა] გაიმეორა ბესომ, - იქ ეხლა სწორედ შექცევა და ლხინია, სიმღერაა გაჩაღებული; სულგანაბული ყურს უგდებდა ბესო და ხანდახან თითქო მართლა მოესმოდა მშვენიერი, გასაოცარი სიმღერა.
ამასობაში კარგა ლაზათიანად ჩამობნელდა. იალბუზის თეთრი თავი თითქმის სრულიად (ჩამობნელდა) დაიმალა. მთებში დაურღვეველი სიჩუმე დამყარდა; მხოლოდ ხანდახან გრილი ნიავი წამოუქროლებდა ხოლმე; მხოლოდ წყაროს ნაზი და ნელი წანწკარი ისმოდა... თხებს ტკბილად ეძინათ. ტკბილად დაეძინა ბესოსაც... ძილში ის სულ საუცხოვო, საოცნებო სურათებს ხედავდა, რომელთა სიმშვენიერეს ვერ აწერს ადამიანის ენა...
ღამე მთაში.
* * *
ამოჰყო თუ არა მზემ თავი აღმოსავლეთის მთებიდან, ბესომაც გააჭყიტა თვალები და დაინახა, რომ თხები კარგა შორს წასულიყვნენ. მარდათ წამოხტა და გამოუდგა მათ უკან. დიდხანს მიდიოდა ბილიკზედ, რომელიც თანდათან ვიწროვდებოდა, მაგრამ თხებს მაინც ვერ დაეწია. მიიხედ-მოიხედა და შეიტყო, რომ ის ეხლა სრულიად უცნობ ალაგას იყო. ბესომ კარგად იცოდა თავისი საყვარელი მთები, მაგრამ ეს ადგილი კი ჯერ არ ენახა თავის დღეში. გარშემო უძირო უფსკრულები გადაჭიმულიყვნენ და უზარმაზარი კლდეები ისე იყვენ გადმოწოლილნი, თითქო, აი, ამ წამში გადმოინგრევიან და გასრესენ საბრალოსო. აგერ თეთრი, მოელვარე იალბუზიც.
„შენი ჭირიმე, აქ სად ამოვედი!“ - ფიქრობდა თავის გულში ბესო.
ცოტა არ იყოს შეკრთა ჩვენი ბესო... შედგა და მიიხედ-მოიხედა. ირგვლივ ყოველივე სიჩუმით იყო მოცული... მაგრამ, აი, ჯერ რაღაც გასაოცარი ფაჩი-ფუჩი შემოესმა, შემდეგ რაღაც ჩურჩულის მსგავსი ხმა... ეგონა, რომ კლდეთა და ღრეთ ერთმანეთთან ჩუმი ლაპარაკი იწყესო... მაგრამ ეს რა ამბავია?.. ეხლა კი ცხადათ შემოესმა ჯერ ყვირილი და შემდეგ კვნესა, კვნესა და ოხვრა ადამიანისა. აი, კიდევ!.. ხელმეორედ მოესმა გულგასაგმირი კვნესა! ეს კვნესა იქვე ახლო კლდიდამ გამოისმოდა. ბესო გულკეთილი ბავშვი იყო. გაიფიქრა, ალბად, ვისმეს მაღლა ფეხი დასხლეტია, ჩამოვარდნილა ძირს და დამსხვრეული კვნესის და ოხრავს ახლაო...
(აქ შეხვედრა რატისა და ევასი).
ამ ფიქრით [ის] ისინი გაქანდ[ა]ენ იქით, საიდანაც ხმა ისმოდა... ამასთანავე თითქო რაღაც ძალა ეწეოდა [ბესოს] მათ იქით და უჩვენებდა გზასა. აი, [მის] მათ წინ გარღვეული კლდე გამოჩნდა... შიგ საშინლად ბნელოდა. აქედან გამოდიოდა ის შესაზარი გმინვა... ბესოს დიდხანს არ უფიქრნია. ყოჩაღად კლდეში შეძვრა, მას მიჰყვა ევა და ცოტაოდენის ფათურის შემდეგ სიბნელეში უცებ დიდ, ფართო გამოქვაბულში გაჩნდა, საიდანაც სინათლე მაღლიდან ჩამოდიოდა.
[ბესო] ბავშები შედგ[ა]ენ და თითქო გაშეშდ[ა]ენ ერთ ალაგას... ზედ შუა-ალაგას, სწორედ სანათურის დასწვრივ, დიდ უშველებელ ქვაზედ, მაგარი და სქელი ჯაჭვით მიბმული, იწვა უცხო რამ ახალგაზრდა... დიდი ტანჯვა იხატებოდა იმის სახეზედ; განიერ მხარ-ბეჭებზედ ოქროს ხუჭუჭი თმა გადასწეწოდა. მან წამოიწია საშინელის ძალით, მაგრამ ჯაჭვები მაგრები იყვენ და დამსხვრევის მაგივრად მხოლოდ ჩხაკა-ჩხუკი იწყეს.
[ბესო] ბავშები იდგ[ა]ენ ერთ ადგილას და გაოცებული შესცქეროდ[ა]ენ ყმაწვილს, რომელსაც ტანზედ, მართალია დღეს დაგლეჯილი, მაგრამ ერთ დროს საუცხოვო ოქრომკედით მოქარგული ხავერდის ტანთსაცმელი უჩანდა.
იდგ[ა]ენ და უგდებდ[ა]ენ ყურს მის შესაზარ კვნესას, რომელსაც ქვაბური მწუხარედ ხმას აძლევდა.
- ა? ეს რაღაა?.. სანათურიდან რაღაც შრიალი ჩამოისმა და უცებ იქიდან უზარმაზარი ძერა ჩამოეშვა... მოკუმშა ფრთები, დააფრინდა პირდაპირ ახალგაზრდას და თავისი მაგარი ნისკარტით იწყო მისი ნაზი და თეთრი ხორცის წიწკნა-გლეჯა, სისხლი გადმოსკდა თქრიალით და შესაზარი ვაების ხმა გაისმა გამოქვაბულში... ბესომ ვეღარ მოითმინა... გააფთრებული ეცა ძერას და უწყო წევა და ცემა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. ძერამ მოიტრიალა მისკენ თავი, გაოცებით შეხედა მას თავისი გველური, ბოროტის თვალით და უცებ იფრთხიალა, გაშალა ფრთები და სანათურიდამვე ავარდა ზევით.
* * *
ბესოც დამშვიდდა... ახალგაზრდა უცქეროდა მას ისეთი თვალით, რომელიც მადლობასა [გამო]ჰხატავდა.. უიმედობის სევდა თითქო მოშორდა მის სახეს, რომელსაც მადლიანი სხივი იმედისა კვლავ გადაეფინა. მან შესწყვიტა კვნესა, მშვიდობიანად გადახედა ბესოს და წყნარად უთხრა:
- გულკეთილო ბავშო! გმადლობ ამ სიკეთისათვის! შენმა მოსვლამ ცოტა ხანს მაინც განმათავისუფლა ტანჯვისაგან და ახალი სხივი იმედისა ხელახლა მოფინა ჩემს ტანჯულ სულსა. თუ შენ გსურს, შეგიძლია სამუდამოდ დამიხსნა ამ დაუსრულებელის ტანჯვისაგან... ოღონდაც მიშველე რაიმე და, აი, რასაც თავის გარშემო ხედავ, ყველა ამას შენ გაჩუქებ.
ბესომ მიიხედ-მოიხედა და მხოლოდ ეხლა შენიშნა, რომ მთელი გამოქვაბული მოფენილი იყო ოქრო-ვერცხლით და სხვადასხვა ძვირფას ნივთეულობით.
- ნეტავი ვიცოდე, რითი შემიძლია შენი შველა! - წარმოსთქვა ბესომ, რომლის გული ამ წამს სიბრალულით იყო სავსე; - მიბრძანე და თუ რამ შემიძლია, მზათა ვარ აღვასრულო ყოველივე. მაგრამ, აბა, რა გამეგება! მე ვარ ერთი საწყალი პატარა მწყევსი... არც რამე მაბადია და არცა ვიცი რა, გარდა თხების ძოვებისა და მხიარული სიმღერებისა.
ამ დროს ბესომ უცებ თვალი მოჰკრა თავის ქალამნებს, ცოტა შეფიქრდა, მაგრამ მაშინვე მსწრაფლად თავი მაღლა აიღო და ალერსით უთხრა ახალგაზრდას:
- აი, მე მაქვს ახალი კოხტა ქალამნები; მე ესენი ძალიან მომწონან. თუ ინებებთ, მომირთმევია თქვენთვის; მე ამათ ადვილად დავთმობ, ოღონდაც კი რითმე გასიამოვნო შენა.
- არა, ჩემო ძვირფასო პატარა, - მიუგო ტანჯულმა ალერსიანი ღიმილით, - მე შენი ქალამნები არ მინდა... შენი სიკეთე თავისდღეში არ დამავიწყდება, თუ ეცდები და მომაწოდებ ბოლოს აგერ აიმ ჯაჭვისას, რომელიც, ხედავ, ჩემს პირდაპირ მაღლიდან ჩამოკიდებულია. მე ისე ვარ შებოჭილი, რომ მისი ხელში ჩაგდება ჩემთვის სრულიად შეუძლებელია... და, თუ როგორმე მე მას ხელი ჩავავლე, მაშინ კი ბოლო მოეღება ჩემს საშინელ ტანჯვა-მწუხარებას...
ბესო ეცა ჯაჭვს, ასწია რაც ძალი და ღონე ჰქონდა და მისი ბოლო ტანჯულს გაუშვირა, მაგრამ საუბედუროდ ჯაჭვი მოკლე აღმოჩნდა.
- ოჰ, ბოროტნო სულნო, - შესაზარის ხმით დაიღრიალა უბედურმა, - როდემდის უნდა მტანჯოთ მე ჩემი შეცოდებისათვის? საუკუნენი გარბიან და სცვლიან ერთმანეთს და ჩემს ტანჯვა-ვაებას კი დასასრული მაინც არ უჩანს!
- დამიგდე ყური, ჩემო კეთილო ბავშო, და კარგად დაიხსომე ყველა, რაც გითხრა, - უთხრა მიჯაჭვულმა პატარა მწყევსსა; - იცოდე, რომ თუ ე მაგ ჯაჭვის ბოლო როგორმე ხელში ჩავიგდე, მაშინათვე დავამსხვრევ ჩემს ბორკილებს და კვალად თავისუფალი გავხდები.. მაშინ მე ლუკმა-ლუკმად დავგლეჯ ბოროტ ძერას, რომელიც წიწკნის და გლეჯავს ჩემს საცოდავ გულსა. იცოდე კი, რომ მთელი ჯაჭვი ერთნაირი უნდა იყოს და უსათუოდ ძველის რკინისა; შეაგროვე ძველი რკინეულობა, რაცა შეგხვდეს, გააკეთე სწორად ამნაირი ჯაჭვი სიგრძით ნახევარი ადლი, და მომიტანე აქა. მაშინ ყველა ამ ოქრო-ვერცხლს, სუყველა ამ ძვირფას ნივთეულობათა შენ გაჩუქებ... მაგრამ, გაფრთხილდი... იცოდე, რომ სხვამ არ უნდა შეიტყოს ეს ამბავი; არავის თვალმა არ უნდა იხილოს ამ ჩემი გამოქვაბულის კედლებიც კი...
მოისმინა ყველა ეს ბესომ, კარგად ჩაინერგა გულში ყოველივე სიტყვა მიჯაჭვულისა და აღუთქვა მალე დაბრუნება ჯაჭვითა.
* * *
გამოვიდა თუ არა კლდიდამ, ბესომ იქავე იპოვა თავისი დაკარგული ფარა [ცხვრისა] თხებისა... მალე იპოვა სოფლის ბილიკიცა, რომელსაც დაადგა და მალე თავის სოფელში ჩამოვიდა. ნახულზე და გაგონილზე კრინტიც არავისთან დაუძრავს... ის მხოლოდ იმას ჰფიქრობდა, როგორ აესრულებინა დაპირებული რაც შეიძლება მალე, და მით გაენთავისუფლებინა საბრალო მიჯაჭვული.
სამწუხაროდ, ამისი აღსრულება ადვილი არ აღმოჩნდა. ბესო აგროვებდა ძველ რკინეულობას; ლურსმნებს, ნალებს და სხვათა ყველგან, სადაც კი მათი მოგროვება შესაძლებელი იყო. მაგრამ გადიოდენ თვეები და შეგროვილი ძველი რკინა ჯერ მაინც არ იყო საკმარისი ნახევარი ადლი ჯაჭვის გასაკეთებლად. ბოლოს, თითქო მოწყალეს თვალით მოხედა ღმერთმა ბესოსა... ერთხელ, ჩვეულებისამებრ, ბესო მიწასა სთხრიდა სოფლის ნაპირას და უცებ ისეთი დიდი ნაჭერი რკინა იპოვნა, რომ მარტო ეს იყო საკმარისი მისი აღთქმის განსახორციელებლად.
საშინლად გაეხარდა ბესოს. მაშინათვე სამჭედლოში გაჰქანდა და რადგან მჭედლობა წინადვე იცოდა, ფაცა-ფუცით ჯაჭვის კეთება იწყო... საქმე ისე მარჯვედ მიდიოდა, რომ თვით ბესოს უკვირდა თავისივე ხელების ოსტატობა.
გააკეთა ჯაჭვიცა. ახლა ბესო ამ ჯაჭვს ზურგზე წამოიკიდებს და გამოქვაბულისაკენ გაჰქანდება.
დაღამდა თუ არა, ბესო ჩუმად გავიდა სოფლიდან, და მთებში მიმავალ ბილიკს გაუდგა. ის დარწმუნებული იყო, ამ დროს მას ვერავინა ჰხედავდა. ის კი არა, სოფელში ბევრმა დაუწყო ბესოს თვალყურის დევნება. შენიშნეს, რომ ის ისე გულმოდგინეთ აგროვებდა ძველ რკინებს. იფიქრეს, ბევრი იფიქრეს, რას ნიშნავდა პატარა მწყევსის ამგვარი ქცევა - და ბოლოს გადასწყვიტეს: უთუოდ ბესოს ოქრო უპოვნია მთებშიო.
რამდენიმე კაცმა გადასწყვიტა, თვალყური ადევნონ ბესოს, და როდესაც ეს მთაში ოქროს ჩამოსატანად წავიდეს, ესენიც უკან წაჰყვნენ, შეიპყრონ იქ და ძალათი ოქროს ზოდების მადანი აჩვენებინონ. მიდიოდა ბესო ვიწრო ბილიკზედ და უკან ფეხაკრებით მას ზემოდ მოხსენებული ოსები მისდევდნენ. დიდხანს იარეს ამათ, ხან აღმა, ხან ჩაღმა. ადიოდენ ერთი მთიდან მეორეზედ. ბოლოს, ცოტა არა, დაღალვა იგრძნეს.
მთელი ღამე ამგვარ ხეტიალში გაატარეს.. როდესაც მტრედისფრად ინათლა, ბესომ სპეტაკ-გვირგვინიანი იალბუზი დაინახა ახლოს... აი, ის ხევიც, აგერ ის კლდე, და ღრეებიც, რომელნიც მაშინ თითქო ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებოდენ. ერთი ასიოდე ნაბიჯი კიდევ და ბესო გამოქვაბულში შეჰყოფს თავს.
ამ დროს დაქანცული და გაბრაზებული ოსები შემოეხვივნენ მწყემსს გარეშემო და მოღერებულის ჯოხებით, მოსთხოვეს მას, რომ ამ წამშივე ეჩვენებინა მათთვის ნაპოვნი ხაზინა. ბესო, რომელიც ამგვარ შემთხვევას სრულებით არ მოელოდა, საშინლად შეშინდა. ამავე დროს მის მეტს არავის არ უნდა ენახა... დაუწყო ოსებს ვედრება, რომ თავი დაენებებინათ მისთვის. მაგრამ ჯიუტი ოსები ყურადღებასაც არ აქცევდნენ მის ხვეწნას და სულ ოქრო-ვერცხლის ხაზინას გაიძახოდენ.
- გვიჩვენე ჩქარა ოქროს ხაზინა! - უყვიროდენ საცოდავ ბესოს ესენი, - თორემ ამ ხანჯლებით სულ ლუკმა-ლუკმად აგჩეხავთ და მართლაც უღერებდენ მას გაშიშვლებულ ხანჯლებს.
საწყალ ბესოს თავბრუ ეხვეოდა შიშისაგან.
- თავი დამანებეთ, მომშორდით, გამიშვით, ნუ დამიწყებთ თვალყურის დევნას, - იძახოდა ბესო, - და მაშინ მოგიტანთ ოქროს, იმდენ სიმდიდრეს, რომელნიც თავის დღეში თვალითაც არ გენახვოსთ.
- აჰ, ხაზინას მიაგენ განა? - დაიძახეს ოსებმა, - წაგვიყვანე ჩქარა, სად არის ოქრო? ჩქარა გვიჩვენე!
ამ სიტყვებით მისცვივდენ ბესოს, დაუწყეს ცემა და ძალათი გაიგდეს წინ...
მდუღარე ცრემლით იწყო ტირილი ბესომ. მისი გული რაღაც უბედურებას გრძნობდა და თითქმის გულშეწუხებული მიათრევდა ფეხებს.
აი, ის კლდეც. აგერ გამოქვაბულის კარებიც.. ერთი წამიც და ის კიდეც დაინახავს მიჯაჭვულს ტანჯულსა.
მაგრამ უცებ საშინელის ხმით იგრიალა კლდემ. მთა შეირყა. უზარმაზარი კლდე გადმოვარდა და გრგვინვით თვალჩაუწვდენელ ხეობაში დაეშვა... ყოველის მხრიდან ხმა მოსცა მთამ და დიდხანს გაგრძელდა შესაზარი გრიალი. ბესომ ერთი შეჰკივლა და უგრძნობლად მიწაზედ დაეცა.
* * *
მას აქეთ დახეტიალობს ის მთებში. საშინელის სახით, დაგლეჯილ კონკებში გამოხვეული. მხეცივით დარბის ტყეებში და იმალება ადამიანებისაგან. ცხოვრობს, როგორც ტყის ნადირი და იკვებება ნადირის მსგავსათვე, არც ახსოვს რამე და ვერც არასა გრძნობს. დაჰყურებს სამშობლო ქვეყნის დიდებულ ბუნებას, მაგრამ კი ვერ ხედავს მას. შეჰყურებს უთვალავ ვარსკვლავებს, მაგრამ ეხლა როდი-ღა ეჩვენებიან ისინი ცაში ანთებულ ცეცხლებად. მხოლოდ, როდესაც დაიხედავს ხოლმე ფეხებზედ, საშინელის ხარხარით გამოჰკრავს ხოლმე ტაშს და შესაზარის დაღრეჯილობით ხატავს თავის კმაყოფილებას. მას ჰგონია, რომ ახალი ქალამნები ისევ აცვია ეხლაც ფეხებზე.
როდის მოხდა ყველა ეს, ოსებს არ ახსოვთ. დარწმუნებულნი კი არიან, რომ უბედური ბესო დღესაც დარბის იალბუზის ახლო-მახლო, თუმცა ის, კაი ხანია, არავის არ უნახავს.
* * *
ასე და ამგვარად დარჩენილა ხალხში და საშვილიშვილოდ ერთი შთამომავლობიდან მეორეში გადადის კავკასიონის მთებზედ მიჯაჭვული გმირის ამბავი, რომელსაც ბოროტი ძერა გულს უგლეჯდა...
საუკუნოები საუკუნოებს მისდევენ. სიცოცხლეს სიკვდილი მოსდევს, და სიკვდილს სიცოცხლე. ხალხი ხალხსა სცვლის, მაგრამ დღემდე ცოცხალია და ხალხის მახსოვრობაშია ძველი ამბები, რადგან ამათში დამარხულია უდიდესი მისწრაფება ხალხისა და უკვდავი ჭეშმარიტება... დღემდე, როგორც ძველ დროში, იტანჯება კავკასიონის კლდეზედ მაგრად მიჯაჭვული ამირანი, ცდილობს თავისი ბორკილი აიხსნას, განდევნოს თავიდან მისი გულის დამაშხამებელი ძერა, რომ ციდან მაცოცხლებელი კვარი ჩამოუტანოს ხალხს... მაგრამ ამაოა ყოველივე. [ეს] დღემდე, როგორც ძველად, ეს მაცოცხლებელი წმინდა კვარი, - ეს ერთადერთი სახსარი უკვდავებისა და განათლებისა - მხოლოდ ზეცას არის ანთებული.
[1944 წელი]