შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ეს იყო სწორედ ოცდაათ აგვისტოს...


ეს იყო სწორედ ოცდაათ აგვისტოს. შაითან ბაზარი. ბაზარში ჟრიამული; ერთმანეთში ირევა სოფლიდან ჩამოსული გლეხობა და ადგილობრივი ვაჭრები, ტიპიური სახეები სპარსელისა და ძველი ტფილელის; ურემი, ფაიტონი, ავტომობილი, აქლემი, ტაჩკა, ხმამაღალი ძახილი და ღრიანცელი, საზამთრო და ყურძენი, ლულაქაბაბი და აბანოებიდან გამოსული ხალხი ან აბანოებისაკენ მიმავალი საზოგადოება უფრო მაღალი ფენის. შაითან ბაზარია, რაღა.
- ჩიჩე, ეს თქვენა ხართ?
- ოო, მისტერ ვაილდ.
ეს იყო ორი ევროპიელი. ისინი შედგენ ბაზრის ერთ-ერთ ყურეში, და ერთმანეთს ახედ-დახედეს.
- რას აკეთებთ აქ, ჩიჩე?
- ნება მომეცით, მისტერ ვაილდ, თქვენც ამავე კითხვით მოგმართოთ.
- მე მივდივარ აბანოში, რადგან დილაა და უკეთესია.
- მე კიდევ, აი, იმ ახალგაზრდა გლეხს ვათვალიერებ. აი, ხედავ?
ახალგაზრდა გლეხი იდგა და გაოცებული აქეთ-იქით იყურებოდა.
იგი, ალბად, პირველად იყო ქალაქში, მისთვის სრულიად ახალი და უცხო იყო მთელი ეს ჟრიამული. მისთვის...
- რას იტყვით, მისტერ ვაილდ? - შეეკითხა ჩიჩე მოსაუბრეს.
- ვცადოთ, - ეშმაკური ღიმილით უპასუხა მოსაუბრემა.
- მაგრამ როგორ? რა ხერხით? აი, ეს არის საქმე...
- დამაცადეთ, განა ეს ჩემი საქმე არ არის?
მისტერ ვაილდი გადავიდა ხალხში და შეუმჩნევლად მიუახლოვდა გლეხს, რომელიც ამ დროს ფულს ითვლიდა და ჭრელ ხელსახოცში ხვევდა. გლეხმა ხელსახოცი ჯიბეში ჩაიდო და რაღაცაზე დიფიქრდა. ამ დროს რაღაც ლანდმა გაიფრინა მის გვერდით, მაგრამ [მას] გლეხს ყურადღება არ მოუქცევია. ცოტა ხნის შემდეგ მან ინსტიკტიურად გაიკრა ჯიბეზე ხელი: ხელსახოცი ჯიბეში აღარ იყო! გლეხი ერთ ხანს გაშტერებით იდგა თავის ადგილზე, შემდეგ გონს მოვიდა და მახლობლად მდგომ მეორე გლეხს გაუზიარა თავისი მწუხარება.
- როგორ მოგივიდა, - უთხრა მეორე გლეხმა, - განა პირველადა ხარ ქალაქში.
- პირველად ვარ, - იყო პასუხი.
- მისტერ ჩიჩე, დაინახეთ? - მიუახლოვდა ჩიჩეს ვაილდი.
- ძალიან კარგად.
- ეხლა რას იტყვით?
- დავიცადოთ ცოტა, ვნახოთ, რა მოხდება. აჰა, ხედავ?
გაძარცულ ახალგაზრდა გლეხს გარს შემოერტყა მისივე მსგავსი გლეხები. ერთი მათგანი იღებს ხელსახოცს და ხალხს მიმართავს:
- ჩვენი კაცისთვის ფული ამოუცლიათ ჯიბიდან. აბა, ვისაც რამდენი შეგიძლიათ, მოვუგროვოთ უნდა ფული, მეტი ჯანი არ არის. გლეხი ჰკრებს ფულებს - ხელსახოცით.
ჩიჩე და ვაილდი მიუახლოვდებიან შეგროვილ ხალხს. ისინი დამტვრეული ენით კითხულობენ:
- რა მოხდა?
- აი, ეს ახალგაზრდა გაჰქურდეს...
- ოო, სთქვა ჩიჩემ, ვერ არის კარგი ამბავი.
- ძლიერ სამწუხაროა, - დაუმატა ვაილდმა.
- წამოდით ჩვენთან მოსამსახურედ, - მიმართა გლეხს ჩიჩემ.
გლეხი თანახმაა. იგი მიყვება ჩიჩესა და ვაილდს.
- აი, ეს ფულიც წაიღე თან, - დაეწევა გლეხი, რომელმაც ფული მოუგროვა.
გზაზე ახალგაზრდა გლეხი გააოცა ერთმა გარემოებამ: მისტერ ვაილდს ჯიბიდან მოუჩანდა ყური სწორედ ისეთი ცხვირსახოცისა, როგორიც მას ჰქონდა. გააოცა, მხოლოდ ყურადღება არ მიუქცევია.
აი, მივიდენ მდიდრულ სახლში.
უჩვენეს მისი ოთახი, აუხსნეს მისი მოვალეობა, უთხრეს ჯამაგირის რაოდენობა, და ზევითა სართულში წავიდენ.
ახ. გლეხი თავის ოთახში და ჰკვირვობოდა ასეთი სისწრაფით მომხდარ უცნაურ ამბებს: მოხვედრა ქალაქში, ფულის დაკარგვა, ახალ ადგილზე ყოფნა, შაითან ბაზარი, ფულების მოგროვება, ყველაფერი ერთმანეთში აირ-დაირია. მას ჩაეძინა.

[1930-იანი წლები]