შუალედი - დან - მდე
 
 


ოკუჯავა ოლიას - გალაკტიონი - 14


ოლოლ!

შენ გიკვირს, რომ ამდენი ხანი წერილი ვერ მოგწერე? მაპატივე, მაგრამ ყველაფერი ჩემდა დამოუკიდებელ მიზეზების გამო მოხდა.
საქმე ასე იყო:
ერთხელ საავადმყოფოში წავედი ეტლით გელას სანახავათ. შუაღამე იყო. თვალით ვერაფერს გაარჩევდი, ისე ბნელოდა. ვინახულე გელა და როდესაც ვბრუნდებოდი, ერთი ხრამის პირდაპირ ფაეტონი ქვას დაეჯახა და მომენტალურათ გაჩერდა. მე ამ დროს ფაეტონში კი არ ვიჯექი, ვიდექი და პალტოს ვისწორებდი. როდესაც მოულოდნელად ფაეტონი გაჩერდა, მე თავი ვერ შევიმაგრე და ფაეტვნიდან ხრამში გადავვარდი. რა თქმა უნდა, გრძნობა დავკარგე, იქავე ჩემი ნაცნობები აღმოჩნდენ და საექიმო დახმარება აღმომიჩინეს. სულ სისხლში ვიყავი გასვრილი. თავ-პირი დალეწილი მქონდა, ცალი ხელი ნაღრძობი და ფეხზე ძლივს ვიდექი. როგორც იქნა, მიმიყვანეს სახლში და იქ მთელი სამი დღე ვიწექი. გუშინ, როგორც იქნა, ავდექი, მაგრამ გამოსვლა მრცხვენოდა, იმნაირად მქონდა სახე. დღით ვერ გავბედე და გამოვედი ღამით, მაგრამ ნაცნობებს სად დაემალები? შემომხვდა ნუცა, რომელიც ის-ის იყო თფილისიდან დაბრუნებულიყო და საჩქაროთ მკითხა, თუ რა დამემართა სახეზე. მეც ავდექი და ვუამბე რაღაცეები, არც ცის, არც ბარის.
ეხლა, ჩემო ოლოლ, შენ რომ შემხედო, აღარ მოგეწონები, მე უკვე მახინჯი ვარ, მაგრამ დღეს არა, ხვალ სრულიად მოვრჩები და სუფთა სახე მექნება, თუ ნიკაპზე არ დამაჩნდა ცოტა რამ.
შენი წერილი, უკანასკნელი, მივიღე. სულით და გულით რომ მინდოდეს ჩამოსვლა, ეხლა ეგ შეუძლებელია, ახლა კვირას მე თეატრში დიდი საღამო მაქვს და თუმცა თვითონ მე არ ვმუშაობ, მაგრამ მაინც მე ვარ ხელმძღვანელი, ჩემზეა ყველაფერი დამოკიდებული. მერე კიდევ წიგნის საქმე, მერე რედაქციაში მუშაობა, მერე სხვა საქმეები, და ნუ დამემდურები, ჩემო ოლია, თუ ვერ ჩამოვალ. მომწერე, რათ გჭირდება ჩემი ჩამოსვლა? იწერები: „Я тебе не написала бы о приезде в такое время, но должно быть есть что, почему я тебе пишу так настойчиво теперь“.
კარგი, მე ჩამოვალ როდისმე, თუ მოვახერხე, მაგრამ, ოლია, თუ შენი უკანასკნელი სიტყვები ჩვეულებრივი სიცრუე გამოდგა, მშვიდობით, მე აღარაფერი მეწამება შენი!
მაგრამ ჯერ მომწერე, რაშია საქმე! შეიძლება შენი საქმე არც ისე საჩქაროა, რომ ღირდეს მალე ჩამოსვლა. მაგრამ მომწერე ყველაფერი დალაგებით და გარკვევით. თუ ეს ასე არ იქნება, მეც არ შემიძლია ჩამოსვლა. თუ შენ ჩვეულებრივი მიხვევ-მოხვევა დაიწყე, ამგვარად წერილს ნუ გამომიგზავნი და არც მე გამოგიგზავნი პასუხს. გახსოვს, წინეთ რომ მომატყუე ტელეგრამით? ახლა ისე არ შეიძლება! მართალია, მე მაშინ ბევრი წმიდა და, გულწრფელად რომ ვთქვა, სასიამოვნო წამები გამოვცადე, მაგრამ ეს შენ სრულიადაც არ გაძლევდა უფლებას აგრე მოქცეულიყავი - და მოგეტყუილებინე.
გრცხვენოდეს!
[მერე, ოლია, ეხლა იმნაირ უსახსრობას განვიცდი, რომ შეუძლებელია ჩამოსვლა. ნუ გამიმტყუნებ ამას: მე არსად ისე არ შემიძლია წასვლა, თუ ჯიბეში რამე არ მიჭყავის].
ძვირფასო ოლია, ძალიან, ძალიან, მინდა შენი ნახვა, მაგრამ არ შემიძლია!
ჭკვიანად მოიქეცი!!! ოლოლ, აგრე არ გამოგადგება!

გალაკტიონი


როგორა ვარ ეხლა? ეხლა კარგადა ვარ..
ეხლა, დღეს, მე სულ ვქეიფობ და ვქეიფობ!
გუნებაში ვსვამ შენს სადღეგრძელოს, და თან ასე ვამბობ: „ღმერთო, შენ გაუმარჯვე ჩემს ძვირფას ამხანაგს, ავადმყოფს, ყოველნაირად ავადმყოფ ოლოლს-მეთქი“. არ ვიცი, შემისმენს თუ არა ღმერთი, მე კი გულწრფელად მინდა, რომ შენ ავად არ იყო!

შენი გალონი


[რად დამარქვი „გალონი“? ბარემ „გალოპი“ დაგერქვა?].
ბევრი რამ მინდოდა მომეწერა, მაგრამ ჩემგან ყველაფერი გწყენია, ისევე სიჩუმე სჯობს..

გ.

[1914]