შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 40


ძმაო გალაკტიონ!

გისურვებ კარგად ყოფნას და მუდამ გამარჯვებას! როგორ ხარ? რას შვრები, რას ფიქრობ? – აი, რა მაინტერესებს ყველაზე უფრო მე ამჟამად. თბილისში ახლა უზომო სიცხეები იქნება, ასფალტს უთუოდ ოხშივარი ადის, ხალხი გახელებული ლუდხანაში ბუზივით ირევა. ყველა ნერვიულობს – ამ დროს აქ კი სრული სიწყნარე, სიმშვიდე და სიგრილეა.
გელით, გალაქტიონ! გელით, რომ მოკლე ხნით დაისვენო და სასურველად იმუშაო. ჩემი სურვილი, ოცნება, იდეალი – შენი კარგად ყოფნაა.
სხვა, „სახალხო განათლებაში“ (№28 – 27/VI-46 წ.) ს. ცაიშვილის წერილია პეტრე ჭარაიაზე. წერილში ასეთი ადგილია: „პირველი მისი (პ. ჭ.) საყურადღებო ეთნოგრაფიული ნაშრომი „აფხაზეთი და აფხაზნი“ 1888 წ. „ივერიაში“ (№165–168) მოთავსდა... ეს ნაშრომი იმ დროს იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ იგი მოიწონა და მთლიანად შეიტანა რუსულ ენაზე დაწერილ თავის იმავე სახელწოდების შრომაში გამოჩენილმა ისტორიკოსმა მ. ჯანაშვილმა“.
აქედან აშკარაა, რომ ჯანაშვილს ჰქონია რუსულად დაწერილი წიგნი: „Афхазия и афхазы“.  ამ წიგნის შესწავლა შენთვის – აუცილებლად საჭიროა. წიგნს ვინმე ისტორიკოსთან, ან რომელიმე ბიბლიოთეკიდან იშოვი... დაუკავშირდი ბიბლკოლეკტორის გამგეს: ვინ იცის, იქნებ იმას აღმოაჩნდეს. საერთოდ, საჭირო იქნება ცნობილ პროფესორებთან – გეოგრაფ-ისტორიკოსებთან – გქონდეს კავშირი.
არ დაივიწყო, რომ აფხაზეთის ცხოვრებიდან აკაკისაც აქვს პოემა „გამზრდელი“:

„ერთი ვინმე ახალგაზრდა
აფხაზია, ამ მთის შვილი,
რთულ ცხოვრების უარმყოფი,
მცირედითაც კმაყოფილი“.

აქ არის ძიძიშვილობა – მორდუობა და სხვა ასეთი.
ერთი სიტყვით, შეიარაღდი ღირსეულად, მოუხმე ოცნებას და ამ ორმოც წლის იუბილეის დაახლოებისას კვლავ აალაპარაკე კრიტიკა და საზოგადოება.
მოახერხეთ და ჩამოდით. მე დარწმუნებული ვარ, აქ შეგიძლია შენ ამ მუშაობის შესრულება. სამტრედიაში – რომ ჩამოხვალთ, გადმოხვალ ხიდეზე და სულ ას ნაბიჯს გაივლი – ვისაც უნდა ჰკითხო, ყველა გასწავლის. რკინიგზის სახლი №12, მასწავლებელი პროკლე ტაბიძე – აქედან მერე ჭყვიშში წავალთ.. აბა, იჩქარეთ.
მოკითხვა ნინას. მოგიკითხათ ტატიანამ.

აბესალომი

4/VII-1946 წ.