შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 38


გალაქტიონ!

შენ წადი სახლიდან, როგორც ადამიანი, სუფთად ჩაცმული, კარგ ხასიათზე. გრძნობდი, რომ შენ გაფასებენ, რომ საქართველოში ცნობილი კაცი ხარ, რომ შენ ბევრნი შემოგნატრიან... სახე დინჯი, სიტყვა-პასუხი საუცხოო... ეს იყო 2 საათზე – და დაბრუნდი, ვგონებ, პირველი საათი იყო. ვაი იმ დაბრუნებას. სახე უთუოდ რაღაც საშინელებას გამოხატავდა, თვალებს აბრიალებდი, კბილებს ღრჭოლი გაჰქონდა და მივარდი საცოდავ ქალს. „ასე ხვდებიან ქმარს ოჯახში?“ – რა საშინელება იყო... ეს კითხვა რა ტონზე არ იყო განმეორებული. ხან დაცინვა, ხან მრისხანე, ხან საშინელი სარკასტიული. დადიხარ, დაბორიალობ, ქმნი ხმაურობას, თუმცა ქალი ტკბილად გაგონებს: „შენ ავადმყოფ ძმას სძინავს, წყნარად იყავი“. კიდევ და კიდევ: „ჰა, მითხარი, ასე ხვდებიან ქმარს? სად დაკარგე სინდისი, ჰა?“
ქალმა ვერ მოითმინა. რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ყოველივე ეს მოითმინოს. მან ტირილი დაიწყო. „როგორ ბედავ ტირილს, რა გატირებს, მითხარი, ჰაა, რა გატირებს, თქვი!“ – და იწყება საშინელი სცენა. ჯალათიც კი არ უკრძალავს ადამიანს ცრემლებს და შენ, მგრძნობიარე პოეტი, რომელიც ასე ნაზი ხარ ლექსებში, ადამიანს ტირილს უკრძალავ და იქმნება სკამების იატაკზე თხლეშა, რაღაცას წკრიალიც გააქვს. ვგონებ, სარკე გატეხე და გაუთავებელი ყვირილი: „რატომ ტირი? ტირის კიდევ, რაშია საქმე?“ ეხ, რაშია საქმე, არ იცი? ის, რომ ხშირად ადამიანის ღვთიურ სახეს ტალახში სვრი.
როდემდის უნდა გაგრძელდეს ასე? ჩვენ ყველანი დავიხოცებით, მაგრამ რათ გინდა მოკვდე, როგორც გამოუსწორებელი ალკოგოლიკი. მე ვფიქრობ, მაგი მალე მიგატოვებს, ან ახლა რა აჩერებს? – გაშტერებული ვარ! სადღაც ქუჩაში შენსავე ნაგავში ამოგძვრება სული.
ჩემო გალაქტიონ, ჩემო კარგო ძმაო, ჩაუფიქრდი შენს მდგომარეობას. შენ შეგიძლია, გაქვს ნებისყოფა, რომ მუდამ გამარჯვებული იქნე. შეგვიბრალე, ვისაც შენთვის კეთილი გვინდა.
მე არ ვიცი, რომელ საათზე წავალ, მაგრამ აქ ვერ შემიხვდება მოსვლა.

13. X. [1941]