შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 34


ძმაო გალაქტიონ!

როგორ ხარ?
წინეებზე ძალიან კარგად იყავი: სახლში იდეალური სიწყნარე და სისუფთავე, სულიერი სიმშვიდე, შრომა, ხალისი წინსვლისა და გამარჯვებისა.
ახლა?
ვფიქრობ, ახლაც ასე იქნები. დაცდილი მაქვს, როდესაც შენ ფხიზლობ, ანგარიშს უწევ მდგომარეობას, საქმე ყოველთვის საუცხოოდ მიდის: გამარჯვება – გამარჯვებას მისდევს.
გუშინწინ ღამის სამასწავლებლოში ამხანაგებთან ვსაუბრობდი. მესმის რადიოს ხმა. შენ სახელსა და გვარს იძახიან. გაკვირვებული მივვარდი რადიოსთან, დავმშვიდდი: გ. ტაბიძემ ახალი ლექსები წაიკითხა და კრიტიკოს-მწერლებმა ერთხმად აღნიშნეს ლექსების მაღალი ღირსებაო.
გუშინ გაზეთშიც ამოვიკითხე ეს ამბავი და გამიხარდა. ჯერ კიდევ არ დაბეჭდილა წიგნი და მასზე ალაპარაკდნენ. ეტყობა, ესეც სხვა წიგნებივით ტრიუმფით მოაბიჯებს!
სხვა, ჩვენ კარგად ვართ. აქ დიდი თოვლი მოვიდა და ეხლა კი სავსებით გაჰქრა. მე სამტრედიაში ვიყავი, ტატიანა და ბავშვები კი სოფელში. დიდი შიში ენახათ, სანამ სახლს დაათოვლინებდნენ.
ახლა, გალაკტიონ, ერთი პატარა საქმეც გააკეთე. შენ იცი, რომ მე წარდგენილი ვარ დამსახურებულ მასწავლებელთა წოდებაზე – ჯერ არაფერი სჩანს. დაელაპარაკე ტელეფონით განათლების კომისრის თანაშემწეს, ვგონებ, კიზირია უნდა იყოს. ჰკითხე: რკინიგზის სკოლების სამმართველოს წარმოდგენილი აქვს დამსახურებულ მასწავლებლის წოდებაზე ჩემი ძმა პროკლე ტაბიძე. გთხოვთ: არის თუ არა [იგი სიაში] განხილული მისი საბუთები და როდის წარუდგენთ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლათ-თქო.
პასუხი შემდეგ მაცნობე: სამტრედია. რკინიგზის საშუალო სკოლა №13. პროკლე ტაბიძეს.

1940 წ.,1/II