შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 23


ძმაო გალაქტიონ!

სხვა და სხვა მიზეზების გამო წერილი ვერ მოგწერე. შენ თვითონ ხომ კაცი არ გაგახსენდება და წერილის მოწერა დიდ ცოდვად მიგაჩნია!
ჩვენ ეხლა კარგათ ვართ. წინეებზე კი ჯერ დედა იყო ძალიან ავად და მერე მე შევიქენი ცუდათ. გრიპმა ძლიერ მომკიდა ხელი და სამი კვირის განმავლობაში ვიწევი სამტრედიაში. ტატიანა გამოვიდა და მივლიდა. ექიმების დახმარებით და კარგი მოვლით, როგორც იქნა, ფეხზე წამოვდექი.
შენი ამბავი როგორია: არაფერი ვიცით; გაზეთებში ვერაფერს ვნახულობ და მიკვირს. არც იუბილეის შესახებ არის რაიმე ხმები – რას შვრები, როგორ ხარ? მე ძალიან ვდარდობ შენ შესახებ. აქ ძალიან სიძვირეა და მანდ ხომ მთლად საშინელება იქნება. შენ ხომ საუკეთესო მომარაგება უნდა გექნეს; ცაკის წევრი, სახელგანთქმული პოეტი – შენს ადგილზე სხვა ვინმე ცოლ-შვილს დიდებულად შეინახავს, შენ კი მარტო შენი თავი რომ ვერ შეინახო – სირცხვილია, მაგრამ ის საშინელი ღვინო. შენ არ იცი, რა ნაირად სხვაფერდები, როცა ღვინით მთვრალი ხარ. ადამიანის სახე სავსებით გეკარგება და შენ ის გალაქტიონი არა ხარ, რომელიც ისე მშვენიერად სწერს და ჭკუიანად ლაპარაკობს სიფხიზლეში. მე მინახავს მთვრალი ადამიანი, მაგრამ შენ კი რაღაც უცნაურად იქცევი და სადილზე როცა ვზივარ შენთან, რაღაც გაურკვეველი შიში მიპყრობს – აი,  აი, სადაც არის დაკარგავს გრძნობას, გონებასა-თქო...
მერე შენ არ შეგიძლია ეს მტერი დაამარცხო? დარწმუნებული ვარ, შეგიძლია! შენ გაქვს იმდენი ნებისყოფა, ეს მოიმოქმედო. შენ, რომელმაც ხუთასგვერდიანი წიგნი ასეთი დაჟინებით, ასეთი ენერგიით შეადგინე, გადაწერე და თვითეული სტრიქონი გადაამუშავე; შენ, რომელმაც სახელის უმაღლეს მწვერვალს მიაღწიე, ნუ თუ ის არ შეგიძლია, რომ ფეხქვეშ გათელო მოსისხლე მტერი – შენი კაცობის და ადამიანობის შემარცხვენელი. რა ცოდვა იქნება, შეიარო ასათიანთან, გულახდილად უთხრა ყველაფერი და სათანადო ექიმობასაც შეუდგე. მოუარე შენ თავს – მოუარე, რაც შეიძლება საუკეთესოდ. არ დაიკლო არც აგარაკი, არც კვება... მხოლოდ ღვინოს ერიდე. ნუ თუ ქვეყანაზე ჩემზე უფრო უკეთესი გულშემატკივარი და მრჩეველი სხვა ვინმე იქნება შენთვის? გალაქტიონ, ტიფია გავრცელებული, მგზავრობას ერიდე და სუფთად იყავი!
როდის ჩამოხვალ? ვასიკო, როგორც კი მივალ, მაშინვე მეკითხება: მამა, გალაქტიონი რატომ არ მოიყვანეო. ეხლა ის დიდი კაცია. ამბებს მახვედრებს. მომიყობა ცისას-ბარისას, მეტიტინება და უსაზღვრო სიამოვნებას განმაცდევინებს ხოლმე. მიღებისთანავე წერილი გამომიგზავნე: სამტრედია, განათლების განყოფილების ინსპექტორს. წერილი დახურული იყოს.

20. IV. 1933 წ.