შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 22


ძმაო გალაქტიონ!

შენთან გაგულისება რაკი არ გადის, ისევ მე ვარღვევ სიჩუმეს და გიგზავნი ამ ბარათს იმ იმედით, რომ იქნებ ინებო ორიოდე სიტყვის მოწერა ჩვენისთანა პატარა ხალხთან. ბიჭო, ის მაინც რატომ არ მოიწერე, მიიღე თუთუნი თუ არა? ხომ იცი, რომ გამოგიგზავნე, იქნებ არც მიგიკითხავს ფოშტაში ამბავი. მე კი მაინტერესებდა, როგორი იყო ეს თუთუნი და განვაგრძოთ თუ არა ამ გზით სიარული.
სხვა, როგორია შენი მდგომარეობა. პირველად, ჯანმრთელობის მხრივ ხომ კარგათ ხარ? იწერებოდი, გრიპით ვიყავი ავადაო. თუ ძმა ხარ, გალაქტიონ, შენ გენაცვალე, თავს მოუფრთხილდი. ნეტა ეს მაცოდინა, პალტო თუ გაქვს. მე ხომ მაშინ ფული გაგატანე სპეციალურათ პალტოს დასახსნელათ. ვაი თუ უპალტოოთ ხარ? ქვეყანა შოულობს ტანსაცმელს, საჭმელს და შენთვის, ასეთ ნიჭიერ კაცისთვის, რავა ისპობა ყველაფერი. მე რომ შენს ადგილას ვიყო, ავდგები, მივადგები სასახლეში ფ. მახარაძეს და ვეტყვი: თქვენ, რასაკვირველია, კულტურის, განათლების დამცველი ხართ. განა სირცხვილი არ არის, მე – პოეტს შესაფერი პირობები ვერ შემიქნათ-თქო. საინტერესო კი იქნება ასეთი რამ!
მომწერე, ხომ არაა საჭირო კიდევ თუთუნი. ან ყველი რომ გამოგიგზავნო, ჭამას თუ მოახერხებ, ან და, დამარილებული ღორის ხორცი ხომ არ გაგიფუჭდება მოუხარშავათ. მომწერე, შე კაცო. შენგან გინებაც რომ იყოს, მაინც გასახარელია ჩვენთვის. იქნებ ახერხო და ჩამოხვიდე ცოტა ხნით. წამოიღე წიგნები და ჩაუჯექი შენებურათ. ფეჩი, თბილი ოთახი – წიგნები და წერე და წერე!.. შენ იცი!
ნეტა ვიცოდე, სადა ხარ? ისევ კრილოვის ქუჩაზე? ოლია მანდ არის თუ არა? თუ თბილისშია, გადაეცი სალამი და უთხარი, რომ მე სულით და გულით მოხარული ვარ მისი ტფილისში ყოფნით. თან გადაეცი, რომ მე დიდ ბოდიშს ვიხდი და თავს დანაშაულათ ვგრძნობ, რომ აქამდე წერილი ვერ გამოუგზავნე. ნეტა გამაგებია, ნუ თუ ის არ ფიქრობს სრულებით, რომ საჭიროა ჩვენი ოჯახის გაცნობაც – ეს კი არც ისე ძნელი საქმეა.
მოიწერე დახურული წერილი.

აბესალომი

13. XII. 30 წ.