შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 19


ძმაო გალაქტიონ!

ასე როგორ დაგვივიწყე, რომ სრულებით არ კითხულობ: კვდრებია, ცოცხლებია, ან რა დაემართათო! ერთი დღით მაინც რატომ არ ჩამოდი ან ერთი წერილი რა გაგიჭირდა.
ჩვენ კარგათ ვართ. მაგრამ რაღაი ასეთი ყოფნა: დღე ერთია და დედაჩემის საყვედური ათასი. აბა, დეპეშა გაუგზავნე გალაქტიონს, აბა, წერილი მიწერე. და როდესაც ვეტყვი, რომ გალაქტიონს ჩვენ არ ვახსოვართ, თორემ ერთს მაინც ამბავს მოგვაკითხავდა-თქო, მწარედ ამოიგმინებს.
აქეთ დიდი ამბებია, მთელი თემი კოლექტივიზაციაზეა გადასული. ჩვენ, მასწავლებლებს, მარტო ეზო და სახლ-კარი დაგვიტოვეს, ასე საზოგადოთ ყველა მოსამსახურეებზე: ან სამსახური, ან კოლექტივში მუშაობაო. მიწები განაწილებულია სოფლებ შორის და მალე მუშაობაც გაჩაღდება. სახლის გაყიდვას ვფიქრობთ და შენი ჩამოსვლა საჭირო დ აუცილებელიც არის. ეს რომ არ იყოს, ისე არ უნდა ჩამოხვიდე! თუ ძმა ხარ, ამ წერილის მიღებისთანავე ჩამოდი რამდენიმე დღით. გზის ფული ისესხე და აქედან მე გაგატან, ოღონდ ჩამოდი ერთი და დედაჩემის წუწუნს გადამარჩინე. არ გრცხვენია, კაცო, რას გვახვეწებ.
სხვა, ოლიასაგან დეპეშა მივიღე: შემატყობინე, სად არის გალაქტიონი და ან როგორ არისო. გუშინ წერილიც მივიღე. მე ხომ არაფერი ვიცი შენ შესახებ და რა უნდა ვაცნობო. ასე წარმოიდგინე (ვაი, სირცხვილო!), მისამართიც კი არ მაცნობე და ამ წერილს ესებეს სახელზე ვაგზავნი.

აბესალომ ტაბიძე

ტობანიერი, სოფლის ახალგაზრდობის სკოლა
7. II. 1930 წ.