ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 11
გაუმარჯოს გალაქტიონს!
როგორა ხარ? შე მეტყულია, შენა! ვიცი, ეხლა რომ მანდ ვიყო, ჩვეულებრივი მიმიკით მეტყვი: ახლა უნდა წამოვსულიყავი! ა! ახლა ვაპირებდი გამომგზავრებასო... და ასე განუწყვეტლივ ოთხი წლის განმავლობაში. წერილი? შეგეკითხები მე... და ისევ: უამრავი საქმეები მქონდა... აქით... იქით... სულ ერთია – ეხლა ვაპირებდი გამოგზავნასო...
ხომ მართალია, გალაქტიონ?..
ჩვენ გვარიანადა ვართ. დედას დრომ და ხანმა თავისი დაღი დაამჩნია, თუმცა გულს არ იტეხს და როდესაც წამომცდება: მოხუცებული ხარ-თქო, შევატყობ, ეწყინება: „არ მინდა ჯერ სიკვდილი! და როდესაც მასე იტყვი, მგონია, სიკვდილი მიახლოვდებაო!“
კერძოთ, ჩემი ცხოვრება ძალიან პროზაიკულად მიმდინარეობს. დილას სკოლისკენ. იქ ან მოწაფე გააფუჭებს რამეს, ან მასწავლებელი დაიგვიანებს. უსიამოვნება... წყენა და საღამოს ისევ სახლისაკენ. არის კი წუთები, როდესაც ცხოვრება გიყვარს და სიხარულსა გრძნობ. ეს მაშინ, როცა გაკვეთილებზე ხარ... ხედავ რანაირის გატაცებით გისმენენ, როგორ უბრწყინავთ თვალები, როცა ახალს რამეს იგებენ... მე მინდა, მათ ავაცდინო ის წამება, რასაც ჩვენ განვიცდიდით. ოხ! რანაირად მოკლეს ჩვენში თვითმოქმედება... სიხარული და სიყვარული!.. სამწუხაროა მხოლოდ, რომ ჩვენი მასწავლებლობა არაა საკმაოდ მომზადებული ახალი შკოლისათვის და თავი და თავი რაც არის: არაა გატაცება. ეს კი უმთავრესია ყოველ ადამიანის მოღვაწეობაში (გაკვრით: შენ რომ ასეთი გატაცება არ გქონდეს, უჰ, რა უმნიშვნელო ვინმე იქნებოდი).
არ იქნა და არა: ვერ მოვახერხე სახლის ყიდვა და ვერც გადაკეთება. გადაკეთებას დიდი შრომა სჭირდება. ვერც ახალის ყიდვა მოვახერხე: სადაა ერთად შვიდას-რვაასი მანეთი... ეს საკმაო დიდი თანხაა და მე ნახევარიც რომ მოვახერხო, ისიც დიდი საქმეა... და რა არის აქ სახარბიელო? ხანდისხან გავიფიქრებ, მივატოვებ ყველაფერსა-თქო და წავალ ქალაქში, სადაც გაცილებით უფრო კარგათ ვიცხოვრებ-თქო. მაგრამ გული ვერ შორდება იმ გარემოს, სადაც აღვიზარდეთ და სადაც ესოდენი რამ გამოვცადეთ. სულ უბრალო რამ... ოთახზე ბავშური ხელით ამოყვანილია: „ეს ვოთახი ეკუთნის გალაკტიონს“ და ვერ წარმოიდგენ, როგორ მოქმედობს ეს ჩემზე... „Лишняя сентиментальность!“ – წამოიძახებს პროზაიკი. მაგრამ ჩვენ კი ვერასოდეს ვერ ვიტყვით ასე, რადგან არ ვიცი, რაა მიზეზი (აღზრდა თუ მემკვიდრეობა...), მეტად მგრძნობიარენი ვართ... ჰო და ასე! სახლის საკითხი ისევ ისე ღიათ დგას. შენ ხომ ამის შესახებ შენს აზრს კაცს არ გააგებიებ! საინტერესო კია, რომ რამეს მომწერდე! მით უმეტეს, რომ სახლი სულ ერთიანად დასახურავია.
როგორ მიდის შენი საქმეები? „მნათობის“ უკანასკნელ ნომერში შენი არაფერია მოთავსებული? ხომ არ დაგინებებია თავი თანამშრომელობისათვის? თუ დაგანებებიეს?.. როგორ არის საქმე? გაზეთებში წავიკითხე საკუთარი ჟურნალის გამოცემის შესახებ. უეჭველად, როგორც კი გამოვიდეს, ორი ცალი გამომიგზავნე ფოშტით.
გაიგებდი უთუოდ, გერმანე გიორგაძე გარდაიცვალა და დღეს გადმომცეს, რაკი მემკვიდრე მისას არავინ ცხოვრობდა, გლეხკომი ჩამორთმევას უპირებს ქონებასო.
იმედი მაქვს, წერილს მომწერ მიღებისთანავე.
მოკითხვა ოლიას. უთხარი ჩემ მაგივრათ: თვალ-ყური გქონდეს, რომ გალაქტიონმა მოცემული პირობა (ღვინის გადაკვრის მ.) არ დაარღვიოს-თქო.
კიდევ ბევრი რამის მოწერა მინდოდა, მაგრამ აი, ესეცაა მილიციონერი მოვიდა, აღმასკომში კრებაზე დაგვესწარიო. შენ, ბიძია, მე ხუმრობა კაცი არ გეგონო, აღმასკომის წევრი გახლავარ (თუმცა უპარტიო ვარ) და სხვა კომისიებშიაც ვმუშაობ. შენ რავა ფიქრობ: ცოდვა არ არის ასეთი მოღვაწე სოფელში, საღაც უმნიშვნელო საქმეებს აკეთებდეს, როდესაც მისი ასპარეზი უფრო ფართო უნდა იყოს და მნიშვნელოვანი – აბა!!!
მომწერე უეჭველად წერილი და სახლის შესახებაც – შენი აზრი...
აბესალომი
25. IV. 1925 წ.