შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 10


ძმაო გალაქტიონ!

გისურვებ ყოველივე კარგს.
ამ წერილს ქუთაისიდან გწერ. აქა ვართ გაწვეული მასწავლებლები და გამგეები ერთი თვის ვადით კურსებზე.
სახლი მიტოვებული მაქვს. მარტო დედაა, სხვა არავინ.
დედამ შემეხვეწა: გალაქტიონს მისწერე, იქნებ ორი ან ერთი კვირით მაინც ჩამოვიდესო. ძალიან დასუსტებულია და მეც არ მინდოდა დამეტოვებია მარტო, მაგრამ ვერაფერი ვახერხე. იქნებ შენ ჩამოხვიდე ცოტა ხნით მაინც.
ამას წინეთ წერილი გამოგიგზავნე. შიგ მარკა ჩავდევი. ვიფიქრე, ახლა მაინც გამოაგზავნის წერილს, მარკა საძებნელი არ დაურჩება-თქო, მაგრამ მოვტყუვდი, წერილს შენგან ვერ ვეღირსე.
აბა, ეხლა მაინც ჩადი სახლში.

აბესალომი


ოთხი წელიწადია, არ ჩამოსულხარ, ნუ თუ მაშინ ჩამოხვალ, როცა ავადმყოფობას ან სიკვდილს გაიგებ ჩვენსას. არა გრცხვენია. ნუ თუ მე არ უნდა შემეძლოს, ორი დღითაც მივატოვო სახლი და დედა და შენ კი მთელი წლეობით შეგიძლია, ასე მოიქცე. ჩადი უეჭველად სახლში.

18 ივლისი, 1924