შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 7


გაუმარჯოს გალაქტიონს!

პირველად ყოვლისა გამარჯვებას გისურვებ და ვიცი, გამარჯვებაც შენთან იქნება. ისეთ ბუნების კაცს, როგორც შენა ხარ, თან სდევს ბედი და კეთილი სული. იყავი კარგათ. მეტი სიფხიზლე. არაყი და ღვინო ეს ეშმაკის სულია, დიდების წასართმევად მოგზავნილი და სახელის დასამდაბლებლად შემოპარული. აი, აქ გჭირია თავის დაჭერა.
ხუმრობა საქმე ხომ არ არის ახალის თქმა, ჟურნალის გაძღოლა და დაჭერილ პოზიციის შენარჩუნება. არა, ეს დიდი საქმეა და ბრძოლაში იგებს, ვინც ჩაფიქრებულია, ვინც დინჯია და მაგარი ნერვების პატრონია, და გამბედავია ამასთანავე...
ამ რამდენიმე ხნის წინად წერილი გამოგიგზავნე. პასუხი? მეტი არ შეგჭამოს ჭირმა, გალაქტიონიდან პასუხს ვერ ეღირსოს კაცი. მადლობა ღმერთს, შენ რომ მღვდელი არა ხარ, თორემ შენი მტერისას - ვიცი, ამოწყვეტდი ხალხს უზიარებლად – როგორც ამბობენ ხოლმე.
წერილში გწერდი, იქნებ ახერხო და რაიმენაირად მთავრობიდან იშოვო ორი ათასი კრამიტი და ორი ან სამი ბოჭკა ცემენტი ისე, რომ ფული ნაწილ-ნაწილად გადაგვახდევინონ-თქო. მერე რა ქენი? ასე მაინც ვერ მომწერე: ვერაფერი გავახერხე-თქო.
სახლი დასახურავია. რაღა ყავრით უნდა დახურო კაცმა, ბარემ გადაგვეკეთებია და კრამიტით დაგვეხურა, რომ სამიოდე კაცის მიღება შეიძლებოდეს მაინც.
მომწერე პასუხი..
გალაქტიონ! მასწავლებლებმა 200.000 გამოაგზავნეს ფოშტით. უთუოდ მიიღებდით. გთხოვდენ, ერთი თვით ჟურნალი გამოგვიგზავნეო. მერე გადის ერთი თვე, არც ჟურნალია და არც ფული. რაშია საქმე? თებერვალში, ვიცი, რამდენიმე ნომერი გამოვიდა და რატომ არ გამოაგზავნე. აქ რაღაც „ნედორაზუმენიე“ არის.
გიგზავნი ორ პატარა ესკიზს, თუ გინდ მინიატიურას და მოათავსე ან შენ ჟურნალში ან „ლომისში“ და ის ნომერი უსათუოდ გამოაგზავნე.
ადრესი ხომ იცი ჩემი: ტობანიერის შკოლების გამგეს – პ. ტაბიძეს და უეჭველად მივიღებ.
ჩვენ კარგათ ვართ. დედა გითვლის: მომწერე, გატუნია, სახლში როდის მოხვალო.

მშვიდობით და გამარჯვებით!


შენი ძმა აბესალომი

3/III. 1923 წ.