შუალედი - დან - მდე
 
 


ტაბიძე აბესალომ - გალაკტიონს - 5


ძმაო გალაქტიონ!

იმ დღიდან, რაც აქედან წადი, ყოველ საათში ველოდით წერილს. არ მეგონა, თუ არ მოიწერებოდი: ან როგორ ჩადი თბილისში, დაგხვდა რაიმე თუ არა, ან სად მოეწყვე? ყველა ეს ძალიან გვაინტერესებდა, მაგრამ ეტყობა, შენ სრულებით არ გაინტერესებს, გვაცნობო რამე! ტიტემ სახლში ორჯერ გამოაგზავნა წერილი და ხუთჯერ ტელეგრამითაც აცნობა თავისი მდგომარეობა. შენ კი ერთი წერილიც ძალიან გაგიჭირდა! ყოჩაღ!
ჩვენ კარგათა ვართ.
ამ დღესასწაულებზე გელოდით. შენ სთქვი, ჩამოვალო და შენ ხომ, რასაც იტყვი, ხომ უეჭველად აასრულებ. კარგი, რაც იყო, იყო და ეხლა მაინც ჩამოდი. ამ ზაფხულზე ტფილისში ყოფნას მტერსაც არ ვურჩევ; ჯერ ხომ სიცხე ამოაძრობს სულს ადამიანს და მერე კი სიძვირე. აქ საოცარი სიძვირეა და მანდ ხომ – წარმოდგენილი მაქვს – რაც იქნება. ჩამოდი უეჭველად. ეხლა ხომ სოფელი ნამდვილი სამოთხეა. აბა, შენ იცი!

აბესალომი


უეჭველათ წერილი მოიწერე, ჩამოხვალ თუ არა? სიმონს გამოატანე. მოიწერე, ნამდვილათ თუ როდის ჩამოხვალ. თუ ამ წერილის მიღებისთანავე გამოემგზავრები, ეს ხომ ყველაფერს აჯობებს.

აბესალომი


გალაქტიონ! დედამ კონვერტი გამახევია და გითვლის: საცვლები ან ასეთი რამ გასარეცხი თუ გექნეს, ყველაფერი დაახვიე და წამოიღეო.

27 მაისი, 1921 წ.