ტაბიძე აბესალომს - გალაკტიონი - 4
ძმაო აბესალომ!
შენს წერილებს ვიღებ და სამაგიერო წერილებაც ვიწერები. არ ვიცი, არ მოგდის, თუ რა ამბავია - დღედღეზე ველი ფულს - რომელიც ძალიან მჭირდება. უკანასკნელ წერილში მე ფულის შესახებ გწერდი. იგი მე გამოვგზავნე ბარემ ერთი თვის თუ თვენახევრის წინად. მას შემდეგ ველი და ველი. შენ არ იცი, რა არის აქ გაჭივრება... სადმე ან გაიყინები, ან შიმშილით ამოგხდება სული. მე შენ გეტყვი, ვინმე შეგიბრალებს: ყველას თავისი საქმე აქვს, დადიან, დარბიან, ფუსფუსებენ ბუზებივით. ივლი მთელი დღეების განმავლობაში და ერთ ნაცნობსაც ვერ შეხვდები, პირდაპირ გაიყინები.. გაცივდები. ხედავ უზარმაზარ სახლებს, ამჩნევ, თუ რამდენი სიმდიდრეა მათში... ყოველ წამს რეკავს ტრამვაი, ქროლავენ ავტომობილები, ძვირფასი ეტლები. გაბრმავებს ელექტრონის სინათლე, თეატრების და კაფეების ელვარება. ყოველ წამში გრძნობ, თუ რა საშინელი წყევლაა კაცის თავზე ღარიბად დაბადება. მე არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ ეხლა ვიტყვი: ვერავინ ვერ ამჩნევდა ამას, მაგრამ ჩემში ბევრი ცეცხლი იყო, ბევრი სიცოცხლე, ბევრი სულიერი ელვა. ეხლა ვგრძნობ, რომ თანდათან ვცივდები, ვბერდები; ოჰ, მერე რანაირად მეყინება გული, რომ იცოდე... პირდაპირ ტირილი მინდა ხანდახან, როდესაც ვგრძნობ, რომ თვალებში ჰქრება რაღაც, ჰქრება ის, რაც ახალგაზრდობას ეკუთვნოდა. ეხლა მე ვხედავ კარგად ყველაფერს.
როგორ შეიძლება ასე? ფული უნდა თავის დროზე გამომიგზავნო ყოველთვის, სულ ერთია 10-15-20 მანეთი და მეტი. აქ უფულობა წარმოუდგენელია. შენ რომ იცოდე, აქ რა ტანჯვა გადავიტანე, უსათუოდ გამოაგზავნიდი ფულს ამდენ ხანს. უფულობა იმდენად არაფერია, რამდენადაც სულიერი ტანჯვა: ცხოვრობდე კაცი მთელი წლების განმავლობაში, და ინსტიქტიურად გრძნობდე, რომ არავინ თითქო ახლობელი და პატრონი არ გყავს.. ნუ თუ ესეც უნდა აგიხსნა, რომ შენი თუნდაც ცოტაოდენი ფული მატერიალურად იმდენს ვერ მიშველის, რამდენადაც ზნეობრივად?
1916, ქ. მოსკოვი, ნოემბერი 6