შუალედი - დან - მდე
 
 


როშარის როშვა


ოჯახში... ნუ იქნება
იმ ოჯახის იმედი,
რომ შენს ცხარე ბრძოლაში
შეიჭრან რაიმეთი.
პირიქით, ხელს მიშლიან,
გზა უნდა მოინახოს,
რომ ეს საშინელება
რითმე გადაილახოს.
პირველად: მოინახოს
ფული, რამე სახსარი,
მეორე: ჯანმრთელობით
ავიცდინოთ თავზარი
(კედლები ხმურობენ,
ქუჩას გააქვს ზანზარი).
აქ არ გამოგადგება
მხოლოდ წვერის ცანცარი,
მაგრამ რა გაეწყობა,
ეჰ, რაც არი, რაც არი!
თუ მექნა ჯანმრთელობა,
აინთება ხანძარი -
თუ არა - ისევ მტვერი,
ისევ ჭვარტლი, ნაცარი.
მგონი მოგვეშველება
იქ, ბარბალეს ტაძარი.
საქმე არის ოპერა,
გამოფენა დიადი,
ფულიც იმას მოჰყვება,
სახელიც, განთიადი.
თორემ რას გავს: გარშემო
საშინელი წყვდიადი,
ოპერა, პირველია,
ო, ოპერა, ოპერა.
ბევრჯერ მე ამ თეატრმა
მიხსნა და მომეფერა,
ვერასგზით ვერ მოვეხსენ,
ერთხელ დავიყეფე-რა.
აღება იმ ოპერის -
თუმცა ძნელზე ძნელია,
მაგრამ რაიმე ხერხი
აუცილებელია,
და სულ ვფიქრობ: რა ხერხი,
რანაირი მიდგომა?
იქნება უფრო სწორი,
რა გვიშველის ვითომა?
ცხადია, საჭიროა -
ვისმეს შუამდგომლობა,
რომ აიღოს თეატრი
და პასუხისმგებლობა.
აქ მწერალთა კავშირი
ჩვენ არ გამოგვადგება,
ვიცით, გამოცდილებათ
ის რა გზას დაადგება.
იქნებ აკადემიამ
როგორმე მოგვეშველოს?
მაგრამ... რა ძალა დაძრავს
იმ ვირების ეშელონს?..
ჩემო წმინდა ბარბალე,
იქნებ შენ მომეშველო?
მაგრამ შენაც უფროსი -
გჭირდება უეჭველად.
აბა, ჩემო ბაბალე...
მოდი აქეთკენ მალე...
მოდი, მოდი, ბარბალე...
აბა, ჩემო ბარბალე...
გამოეშურე მალე...
თვალიც დააპარპალე.
უფულობა ძნელია,
მაგრამ არაფერია,
დარდი თუ მოგშორდება,
ყველა გამოსწორდება!
უფულობა ცუდია.
ის არც ვარაუდია.
სხვისი არა-მინდა-რა,
ყოველი ვიგინდარა
მე გარს შემომხვევია,
ვებრძოლოთ, ვით გვჩვევია.
ვერ გვშველის ბულბულობა,
თუ დაგვდევს უფულობა.
მღერს ყოველი ბულბული
სულ ფულ-ფული, ფულ-ფული!
კარგი არის დარტყმაცა,
იძახოდე - დამაცა.
იგი მეტად წრფელია,
თუ... მოულოდნელია.
ჰერი, ბიჭო, ჰერიო,
მათში არ ჩაერიო,
სუვოროვის დევიზით
გავიმარჯვეთ, ქე ვიცით.

21 თებერვალი, 1957