შუალედი - დან - მდე
 
 


* * * აღმოსავლეთის ცისკარით


აღმოსავლეთის ცისკარით
ელავს გაშლილი ალამი,
ანათებს მხარეს მშობლიურს
უმახვილესი კალამი.
იქ სიხარული იზრდება,
სად იზრდებოდა წალამი...
ჩვენს ცისკარს უმხურვალესზე
უმხურვალესი სალამი!

ცისკარით ათი ათასი,
დროშის ფერს კარი ეღება,
გულიც ქვეყნიურ მგზნებარე
სიახლით გარდიტეხება.
ცისკარი სინამდვილეა,
გმირობა, გულგამეხება,
ჩვენს ცისკარს უმხურვალესზე
უმხურვალესი სალამი!

ცისკარით ხალხი წარსულში
ებრძოდა მტერ-მუხანათებს,
ცისკარი აწმყოს სიახლის
ალით ანათებს, ანათებს!
ცისკარი დროშად აიყვანს
კომუნას - ხიდად განადებს,
ჩვენს ცისკარს უმხურვალესზე
უმხურვალესი სალამი!

მსოფლიოს მწარე წამებას
შეხედეთ, ბოლო ეღება.
რისთვის წარსული ტიალი
ბნელში არ გადიჩეხება?
უნდა გაშუქდეს გარემო,
სამშობლო, ეს შენ გეხება,
მიიღე უმხურვალესზე
უმხურვალესი სალამი!

ცისკარი დიად აწმყოში,
აბა, კარს სად არ შეაღებს,
ცისკარი მსოფლიოის გულს
თვის მგზნებარ სხივებს შეახებს.
ცისკარი ღელავს, როდესაც
მსოფლიო დროშებს შეარხევს,
ჩვენს ცისკარს უმხურვალესზე
უმხურვალესი სალამი!

ცისკარი მომავალშიაც
ალით ინათებს ზეალით,
ჩვენ, პოეტები, მარადის
მის მგზნებარებას შევხარით!
ლენინის დროშით შევხარით!
მარად და მარად შევხარით!
ჩვენს ცისკარს უმხურვალესზე
უმხურვალესი სალამი!

1957
იფნის ბაღი