შუალედი - დან - მდე
 
 


მაისის დროშები


მაისო, არა ატომის,
ნგრევის და უამინდობის,
არა ყიჟინა-მუქარის,
სივრცეთა კიდით-კიდობის,
არა თარეში ცეცხლისა,
არა წარღვნათა კიდობნის,
არა! შენ მზე ხარ მშვიდობის,
მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის!

მაისო! მშვიდობისათვის
მებრძოლებს მედგარხმიანებს,
მთელი მსოფლიოს უდიდეს
ძალას რომ აერთიანებს,
ეს შენ ხარ! მარად დიდება
შენს ერთგულ ადამიანებს!
აღვმართოთ დროშა მშვიდობის,
მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის!

ჩვენც ხელოვანნი, ვუმღერით
კაცობრიობის მომავალს,
რაც მსოფლიოში დღეს ხდება,
სივრცეს აერთებს დრომრავალს,
ვმღერით მაისის სინათლეს,
ვუმღერით მზეს ამომავალს -
წინ გვიძღვის დროშა მშვიდობის,
მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის!

1957 წლის 16 დეკემბერი
„კომუნისტის“ რედაქციაში