შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ისტორიულად, მედგარ ჭენებით...


ისტორიულად, მედგარ ჭენებით
ყოველ ჟამს, ყოველ საომარ დროში
მტრის ურდოებში შეჭრილან დროშით
ქართველნი ქალნი შმაგი ცხენებით!

მთელი სიმძაფრით, მთელი შვენებით
ჰქროდენ ისინი, როს მომხდურთ ბრბოში
იმუქრებოდნენ საქართველოში
შთანთქმით, გაქრობა-გადაშენებით.

სხვა ქალი კერად დგა დღე-ღამითა,
ან მიუძღოდა მშრომელ მამითადს
მშვიდობიანი დღის სამაია.

სხვა ისევე ჩნდა ლალ-მარგალიტად,
რა ძვირფასია სხვათ მაგალითად
შენი უკვდავი ხმალი, მაია!

[1957 წლის 14 აგვისტომდე]