შუალედი - დან - მდე
 
 


არჩევნები


ნათელი დღე, სავსე გზნებით,
მზე, ყველასთვის ასე მუქთი;
დროშებით და ყვავილებით
შემოსილა აგიტპუნქტი.

თოვლი გადნა. იღვიძებს ტყე.
დილა ფართოდ აღებს კარებს,
რომლისკენაც მზიანი დღე
ამომრჩევლებს მიაჩქარებს.

ჩვენ ვამაყობთ ამ კარებით:
ხან ისე სწევს და ხან ასე,
იქ ცოლ-ქმარიც მიიჩქარის:
რიფსიმე და ათანასე.

არჩევნების გზა წყნარია,
თითქო ვარდისუბანია.
ათანასეს უხარია -
ცოლი რომ ჰყავს მსუქანია.

რიფსიმეს არ გაეკაროთ,
თუ გაბრაზდა ათანასე,
აფეთქდება და გახდება
უარესი სატანაზე.

ეხლა კი ის, როგორც ბეცი
შედგა - სადაც შარის სიგრძე
წარწერაა: „აირჩიეთ
ჯიბლაძე და ლეონიძე“.

სული სულს სცნობს, ღონეს ღონე.
ასე არის ქვეყანაზე.
ჯიბლაძეს - ხმას აძლევს რიფსო,
ლეონიძეს - ათანასე.

და გათავდა.. მახლობლადაც
კვლავ ვაშლების დუქანია..
ათანასეს უხარია -
ცოლი რომ ჰყავს მსუქანია!

1955, 2 მარტი