შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ნება მომეცით, შევაქო ლექსით...


ნება მომეცით, შევაქო ლექსით
სინათლე, არა უსინათლობა -
აგრევ სიმრთელე... ნება მომეცით,
თან უწრფელესი გითხრათ მადლობა!

ამხანაგებო! ვით დაგიხატოთ
ჩანგი, ამ გულზე რომ დამაჩინეთ.
მადლობა როგორ გადაგიხადოთ -
ბევრჯერ რომ სიკვდილს გადამარჩინეთ.

ო, გული... როგორ მტკიოდა გული!
მაგრამ აქ ჩნდება გზა სასახელო,
მკურნალი მხნე და თავდადებული
რომელი ერთი დავასახელო...

ბევრი სიმღერა ქვეყნად მიწყდება,
ბევრი წაშლილა გზა ნაურმალი,
მაგრამ არავის დაავიწყდება
სულის და გულის ჩვენის მკურნალი!

ტკბილსა თუ მწარეს, ვინ ჩამოთვალოს,
დრო რამდენნაირს აფრქვევდა სურნელს
და ვინც შეიცნობს დარდს სამკურნალოს -
იგივ მიუჩენს საყვარელ მკურნალს!

ცხოვრება გზაა სუნთქვის მზიანის
ასე შემგრძნობი, ასე აზიზი,
რაა თვითეულ ადამიანის
სიცოცხლეზე რამ უძვირფასესი?

როგორ მძლედ სუნთქავს ყოველი მკერდი,
მადიდებელი მადლიერ სხივის,
ამაზე ზრუნავს აქ არა ერთი,
არამედ მთელი გზა კოლექტივის!

გრძნობს გულთბილობას და მზრუნველობას
ავადმყოფთ სახის აცახცახება.
გაჯანსაღება! - ისმის ძახილი, -
გაჯანსაღება, გაჯანსაღება!

თუ აქ ორმოცდაათი წლის წინათ
მკურნალმა ბნელი გამირიჟრაჟა...
აწ ექიმს ყველას, ამ გზაზე მშრომელს,
მადლობა!
             ქება!
        დიდება!
                  ვაშა!

1955 წლის 19-22 ოქტომბერი