შუალედი - დან - მდე
 
 


* * *გადავშალე კალენდარი...


გადავშალე კალენდარი,
აწერია: ექვსი მარტი.
ეს ვიცოდი მე წინადაც.
და კალამი ჩემი მარდი
კალენდარის წითელ ფონზე,
(კვირა დღეა) ასე ვწერდი:
წყნეთში - უსათუოდ წყნეთში
გაეშურე, ნუ შეჩერდი.
წყნეთში უნდა ხელოსანი
წაიყვანო გამოცდილი,
ანდა კიდევ ინჟინერი -
უმაღლესით გამოზრდილი.
განა გუშინ არ იყო, რომ
ჩვენმა ინჟინერმა მიხამ -
მითხრა: მე მყავს ამხანაგი,
ის გაიცნოს წყნეთის თიხამ.
მისი გვარი გოცაძეა -
სიმონიკას ვიცან გვარი.
გავიხსენე ნარიმანა
და ამბები მინაგვარი.
მიხამ მითხრა: რისთვის გინდა
სხვა ეძიო, ეთაყვანო,
ამ ინჟინერს, ჩვენს გოცაძეს,
მე ხვალ დილით მოგიყვანო.
- მართალს ამბობ მაგას, მიხა?
შევეკითხე გახარებით.
- მართალს ვამბობ, ხვალ დილითვე
აქ გავჩნდები სახარებით.
- უსათუოდ რვა საათზე
შენთანა ვარ გაჩენილი.
- აბა, რვა საათზე გიცდით.
- რვაზე აქ ვართ. მაშ, კეთილი.
და წავიდა ჩვენი მიხა.
მასზედაა ჩემი ბედი.
საქმის კეთილმოწყობაში
უკეთესად დავიმედდი.

მეორე დღე რომ გათენდა,
სწრაფად მე დავხედე საათს.
რვას უკლია ათი წუთი,
დრო არ იწყებს ჩემთან ტაატს.
ტანთ ჩავიცვი საჩქაროზე.
გამოვეწყვე... საცა არი
აქ გაჩნდება ჩვენი მიხა,
ჩემი ძველი მეგობარი.
თან მოიყვანს იმ ინჟინერს,
გოცაძეა, მგონი, გვარად,
რადაც არ უნდა დამიჯდეს
საქმეს გავხდი დარისდარად.
სიმონიკასაც ვიცნობდი,
მახსოვს ჩვენი ნარიმანა.
მახსოვს მე და ქუჩიშვილი
დაგვპატიჟა ერთხელ მანა,
მასპინძლობაც კარგი ჰქონდა,
რომ არ თქმულა, იმისთანა.
ქუჩიშვილი აღტაცებით
სადღეგრძელოს სვამდა თანა.
ლეკურიც რომ დაუარა,
აი, იყო ამისთანა -
ზრდილზე ზრდილი იმერელი
ვთქვათ, გოცაძე ნარიმანა.
ეხლა მისი შვილიშვილი
საცა არი, მოვა, ალბად.
განა მიხა რამე სიტყვას
იტყვის მცდარად ანუ ყალბად?
მაგრამ, ა, რვა საათია.
არც ერთი სჩანს, არც მეორე.
ეს მიხა და ეს გოცაძე -
გზით ვერ დავაშორიშორე.
თუმც გზა არის სწორზე სწორე,
არც ერთი სჩანს, არც მეორე.
ეჰ, ვიფიქრე, ალბად, რამე
თუ შეემთხვათ რამ ამბავი,
თორემ როგორ იქნება, რომ
მიმანებოს ძმამაც თავი.
არ მოვიდეს და არ მითხრას
თუ რა მოხდა იქ, ნეტავი.
ნუთუ ჟამი ასეთია,
გაუტანელ-გაუსხლავი?

[1955 წლის მარტი]