შუალედი - დან - მდე
 
 


ილიასთან


ილია, ჩვენი მწერლობის დიადი მამა-მთავარი,
ჩვენი მეობის შემგნები, ერის დიდება, ჯავარი,
გამმხნევებელი ტანჯვაში, შენობის დიდის ყავარი,
მეგობრის მსიამებელი, მტერთათვის რისხვა მზვავარი.

ეუბნებოდა: ჩვენის ცის ლაჟვარდოვანი თავანი,
დე, იქნეს შენი მომავლის უბრწყინვალესი სავანი,
გესმოდეს მისი გულისთქმა, მგოსანო, ავან-ჩავანი,
ბულბულნი მისნი ამოვლენ, შორს განარინე მჩხავანნი.

გიყვარდეს, გიმაისებდეს ვაზის მისისა მტევანი,
ნუ შეგაშინებს შრომა და დარაჯად ღამის თევანი,
ნურცა რისხვაი ბუნების, ნურცა მის მტერთა რევანი,
დე, გიხარებდეს სიცოცხლეს ქალთა ნარნარი რხევანი.

ყველამ ადიდოს მარადის უკვდავი შოთას კალამი,
ჭაობებშიც კი იზრდება რაიმე ჩალამ-კალამი,
ვენახშიაცა ბევრია მტევანი ნამით ნალამი,
არ დაივიწყო, რო იქვე იზრდება მავნე წალამი...

[1949]