შუალედი - დან - მდე
 
 


ავჭალიდან - ტფილისამდე


დიდ განთიადის ნთებით
ვუახლოვდებით ტფილისს,
სადაც მაღალი მთებით
გველის დიდება დილის.

გველის ძვირფასი კიბე
სემინარიის დინჯის,
ჟამი ოკტომბრის მწიფე
დახვავებათა სინჯვის.

გზა მესხეთიდან მიგაქვს
ახალ ნაპოვით ძალის,
გაუსწორდები წვიმას -
შიში არ გექნეს ხვალის!

მტრობამ რა უნდა გიყოს,
მივჰქრით ნიკეას ფრთებით -
წინ, რაც არ უნდა იყოს,
წინ, მომატებულ ტემპით!

ტფილისის  სადგური
11 საათის 11 წუთი, 1946, 24 ოკტომბერი