* * * ერთხელ...
ერთხელ... (20 წლის წინათ),
იყო საღამო წყნარი,
მე თქვენ მიძღვენით მაშინ
ლამაზი ოქროს ქნარი.
გადაირბენდა წლებზე
ბევრი წვიმა და ქარი...
მე მიფარავდა მხოლოდ
ლამაზი ოქროს ქნარი.
კვლავ მიდიოდნენ წლები,
იყო ავდარი, დარი -
მუდამ ბრწყინავდა ჩემთვის
ლამაზი ოქროს ქნარი.
იმ მეგობართგან ბევრი
იყო და აღარ არი...
არ დამავიწყებს მე მათ
ლამაზი ოქროს ქნარი.
ამოვიოხრებ: რაა
სიცოცხლის ჩვენის ზღვარი,
უბედ ვატარე მარად
ლამაზი ოქროს ქნარი.
ო, აფხაზეთი, ჩვენის
ღრმა სიყვარულის მდგარი -
იყო, არის და იქნეს
ლამაზი ოქროს ქნარი.
[1946 წლის 29 ივნისამდე]