შუალედი - დან - მდე
 
 


ადამიანი


რომ უვალი გზა ეტეხნათ,
რომ მხნედ ეთესათ და ეხნათ,
უხსოვარ დროით ამ ქვეყნად
იბრძოდნენ
                                ადამიანნი.

იმ გზა და გარემოიდან,
იმ უხსოვარი დროიდან
კაცი მე ბევრი ვპოვე და
მიყვარდა
                                ადამიანი.

მხოლოდ სამშობლოს ერთგული,
არ მოღალატე და სრული
სიმართლისათვის - ვით გული
იწოდა
                                ადამიანი.

ვიცი, რუსთველის ალური
გმირობა თუ სიხარული,
ეს იყო მოსიყვარულე
იმ დროთა
                                ადამიანი.

ვიცი, აკაკიც მკაცრია,
თუ გული განაკაწრია,
ილიაც ასე: „კაცია -
ჰკვირობდა -
                                ადამიანი?!“

გრძნობებით უმხურვალესით,
მამიამ, ხმალებრ ნალესით
ლექსით (და მერე რა ლექსით)
იცოდა
                                ადამიანი.

ყაზბეგი, ვაჟა, სხვა სხვაფრად
მამულისათვის გულ-მძაფრად -
თვით სიკვდილსაც კი არაფრად
არ გრძნობდა
                                ადამიანი!

ეხლა ცის ლაჟვარდს სხივოსანს,
დიდებულ მზით გვირგვინოსანს,
ამ მიწას, ამ ზღვას - ვინ ჰფლობს, ან
ვინ ჰფლობდა? -
                                ადამიანი!

ენა, გონება და რჩევა,
მტრის და მოყვარის გარჩევა,
აი, რით ქვეყნად ირჩევა
ეს ქვა და
                                ადამიანი!

[1945]