შუალედი - დან - მდე
 
 


არც ერთი ომი არ წაგვიგია


ჩემთვის ეს წამი მკაცრი წამია,
მოველი, როგორც წესი, რიგია,
თვით საქართველოც დღეს მოწამეა,
რომ უმკაცრესი ომი, მამია,
                                    არ წაგვიგია.

ვით მძლეა ჩვენი ადამიანი!
მთავარი მასში ეხლა იგია,
რომ მიწა, ჩვენი მიწა მზიანი,
როსმე დაშლილი, ეხლა მთლიანი,
                                   არ წაგვიგია.

უსაშველო რამ ქვეყნად არ არის,
იმ ძველი ძვლების ხმა გაგვიგია,
რა ძვირფასია გზა ლამაზ მხარის:
ერთი ომიც კი, ერთი რა არის,
                                  არ წაგვიგია.

არ წაგვიგია არც ერთი ომი,
მტერთა დროშები ფერხთ გაგვიგია.
განისვენებდე, პოეტო ლომო,
ომი საერთო და სათვისტომო
                                  არ წაგვიგია.

1945 წლის 15 მაისი
ქ. ქუთაისი