შუალედი - დან - მდე
 
 


მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა


მრავალჟამიერ
გუგუნებდეს ხმა
„მუმლი მუხასა“
და „ლილეოსი“,
ეს გმირთა ჩვენთა
არის სიმღერა -
ეს სიმღერაა
საქართველოსი!

მოაპობს მკერდით
ზღვას მეზღვაური,
გესმის არაგვის
ხმა საცნაური?
გესმის თერგის და
მტკვარის ხმაური? -
ეს სიმღერაა
საქართველოსი!

მიარღვევს რისხვა
აწყვეტის ავის,
რომ არ უდრკება
ქვეყნად არავის.
გესმის გრიალი
მთებიდან ზვავის? -
ეს სიმღერაა
საქართველოსი.

თავისუფლების
მოყვარე ერებს,
ვით ზღვას, ვერარა
ვერ შეაჩერებს.
მთა რომ იმღერებს,
ტყე რომ იმღერებს -
ეს სიმღერაა
საქართველოსი!

აქ გამარჯვების
დროშად სწერია:
სამშობლო ჩვენთვის
ყველაფერია!
თუ რამ სიმღერა
გულს უმღერია, -
ეს სიმღერაა
საქართველოსი!

გმირებით სავსე
სამშობლო მხარევ,
დღეს გამარჯვების
გულით მღელვარევ,
იდიდე, ამ ხმას
სხვაში ვერ გარევ:
ეს სიმღერაა
საქართველოსი!

1945 წლის 9 მაისი