შუალედი - დან - მდე
 
 


გამარჯვების დღე


დღეს გამარჯვების აღმნიშვნელი
    ძვირფასი დღეა.
დღეს მათი დღეა, ისიც ქვეყნად
    დიდი დიდება -
უბრწყინვალესი, უმაღლესი
    არის იდეა,
უსპეტაკესი სიმართლე და
    ჭეშმარიტება.

მე ამ მაისის სულ ახალი
    ვიგრძენ ნათელი,
კარგი ნათელი, მხნე ნათელი
    შინაგან სიღრმის:
მოლურჯო მთების მშვენიერი
    მოსჩანს კალთები,
მფარველნი ჩემის ბავშვობისა
    და ჩემის სიყრმის.

მათ იქით კი შორს, ძალიან შორს -
    ვით ლაღი გედი
უზარმაზარი, უბოლოოდ
    თეთრი ლივლივით -
ამართულია კავკასიის
    მთავარი ქედი,
გაბრწყინვებული მარად უქრობ
    თოვლიან სხივით.

მისი სილაღე, საოცარი
    მისი შვენება,
ფეროვანებით თვით უმაღლეს
    ცისკარს მიაგავს,
გაიპო ნისლი და ყაზბეგის
    ამოსვენება
უდიადეს მზით - გულსაც იმავ
    სიალით დაგავს.

ამ მაღალ მთებზე ბედისწერით
    მონახვეტარი,
მიფანტ-მოფანტეს შავი ნისლი:
    მტერს შეჩვენება!
აი, მიუშვებს მთლად გაფრენილს
    მერანს მხედარი,
და უსივრცოა, ოცნებაო,
    მისი ჭენება.

ის ძაუგიდან მირეკავდა
    და მისდევდა მტერს,
კვალდაკვალ სდევდა შემოსეულ
    მტარვალთა ურდოს,
მოულოდნელი შიშის ზარით
    უკარგავდა ფერს
გარეწარ მომხდურს, ვისაც ჩვენი
    დაპყრობა სურდა.

სამშობლოისა საყვარელის
    მგრძნობის სიმართლის,
ჩვენი არმიის ულმობელი
    დარტყმა მწარეა,
გაიმარჯვა მან, როგორც მედგარ
    არმიას მართებს:
ის თავისუფალ ხალხთა ფუძე
    და ჯავარია.

მძლავრია ჩვენი მშობლიური
    წითელი ჯარი:
არა მონური, არა მშვიდი,
    არა გვიანი -
არამედ სწრაფი, ვეფხისებრი
    და ბობოქარი -
მასში მღელვარებს და მოქმედებს
    ადამიანი.

აი: არსებობს ქვეყნად მტერი -
    ვით მისი წყობა,
ვით ჩასაფრება იდუმალი,
    როგორც გზირება:
არსებობს იგი - როგორც მწარე
    შეურაცხყოფა,
არსებობს იგი - ვით დაცინვა
    და დამცირება.

არ მოგეშვება იგი ნებით,
    ცხადზე ცხადია,
არა უბრალოდ, არა სუსტად
    და უნებურად -
საბედისწერო გასწორება
    ჩვენთან სწადია
და, რა თქმა უნდა, დაუნდობლად,
    თავისებურად.

მაგრამ უსწრაფეს უსწრაფესი
    ელვის და მეხის,
ჩვენი არმია, არ ნახული
    ვეფხის ნახტომით
დაჰკრავს მომხდურებს სიძლიერის
    უეცარ ხერხით
ბარბაროსისთვის ახალით და
    ძნელმისახვდომით.

ეს იყო დარტყმა, მაგრამ დარტყმა
    რკინისებური,
სწორედ ადგილზე საჭიროზე:
    ზედ საფეთქელზე.
მისით გრიალი თავგადაკლულ
    ქარისებური,
მძაფრი, ისმოდა კიდით კიდე,
    საბრძოლო ველზე.

იქნებ არ ეყო შემოსეულ
    მტერს ეს პირველი?
ჩვენს ჯარს კი არ სურს, არასოდეს,
    დარჩეს სხვის ვალში,
და მისი ხელი, უეცარი,
    მოულოდნელი,
ეხლა სიმძლავრით, ბრუდამხვევი,
    ხვდება შიგ თვალში.

მტერს ეგონება, რა მოხდაო, -
    აჰა, ცეცხლების
მოულოდნელი, ჯარასებურ
    ტრიალ-ბზრიალით
ლურჯი რგოლები, ელვის რკალი
    და ნაპერწკალი
ამ დარტყმისაგან შადრევნებად
    გადმოსკდა თვალით.

ტკივილების რომ მორეული
    დაეცხრო ალი,
დაეცხრო ვნება ბობოქარი
    და გულისძგერა,
რომ აეცდინა კიდევ დარტყმა
    ახალ-ახალი,
ახალი მეხის თავს დატყდომა
    საბედისწერო -

კიდევ და კიდევ, შესარჩევად
    გარე უვლიდა,
ცბიერი, მარად უნდობელი
    მგესლავი გველი,
მაგრამ ამაოდ, ის ხელახლა
    თავდასხმას სცდიდა,
ყველგან ხვდებოდა ისევ ცეცხლი,
    ცეცხლი ფიცხელი.

რაც დასაბამით გაჩენილა
    ქვეყნად თაობა,
და რაც შეცვლილა, - როგორცა ცვლის
    გრძნობები გრძნობას, -
თვალუწვდენელი ამნაირი
    სანახაობა,
ჯერ არ უნახავს ბრძოლაში მყოფ
    კაცობრიობას.

ქვეყანა, მძაფრი ომის ადგილს
    მიჯრილი ძალით,
ყოველი წამით, ყოველ წუთით
    მიცემული თვლას,
ყოველგვარ ცნობას უდარაჯებს
    გულის ფანცქალით
და გაოცებით გამარჯვებებს
    მიადევნებს თვალს.

კიდევ შეირყა სტალინგრადთან,
    უცებ - ძლიერი
კვლავ ულმობელი დარტყმისაგან
    შემკრთალი მტერი.
თვალებში გაკრთა უეცარი
    და უდიერი
ელვა-ნაპერწკლის უამრავი
    ნაფერი ჩქერი.

წაიქცევაო, უჟამური,
    ესაა, მაგრამ
ის, რეტდასხმული, ძნელ ბარბაცით
    ისევ გასწორდა,
მან თუმცა თავი დაცემისგან
    ძლივს შეიმაგრა,
მაგრამ ოდნავად, ძლივძლივაც ვერ
    გათანასწორდა.

წინ მიდის ჯარი, გარეული
    მტვერსა და ქაფში:
„აუტანია, - იძახდა ის, -
    სჩანს, ბედისწერას!“
მარჯვე მარჯვენა მან ანაზდათ
    სწორედ ნიკაპში,
მის ბრგე ნიკაპში დაუნდობელს
    აგემა ვერაგს.

ანაზდეული სიცბიერით
    მტერი გაუხდა,
საბედისწერო ბრძოლა ისევ
    გახელდახელდა.
ისევ, ხელახლა, სწორედ იმავ
    ადგილს დაუხვდა
ჩვენი არმია, ხალხის მცველი,
    უფრო აღელდა.

დუშმანი ეხლა სიმწრის ოფლში,
    სისხლში და მტვერში,
საბედისწეროდ, სავალალოდ
    არის მოსვრილი.
ფერადს რგოლებად, ცისარტყელად
    კრთის მის თვალებში
აურაცხელად არეული
    სხივების ცხრილი.

როგორი მძლავრი, დამღალველი
    უდგას გუგუნი,
თითქო მთელ ქვეყნად და ყოველგან
    ყურებში, თავში.
წამი ისეა: ტყვიად-მძიმე
    ვით საუკუნე,
გამოუთვლელ და უბოლოო
    წუთების შვავში.

ეხლა დადგომა, დასვენება
    და შეჩერება?
სამუდმოდაა ის კარები
    გადაკეტილი.
ასეთ წუთს განა მომხდურისთვის
    დაეჯერება
რამე საამო, რამე კარგი,
    რამე კეთილი?

იგი იმ წამებს, სწრაფლმავალებს
    ეხლა არ თვლიდა.
ღონემიხდილმა ისევ სცადა
    მოქნევა ზუსტი,
მაგრამ დაქანცულს დარტყმა იგი
    გამოუვიდა
უზომოდ სუსტი, უსუსური,
    ძალიან სუსტი.

მომხდურმა ეხლა საბოლოოდ
    დაჰკარგა გრძნობა!
იგი ბერლინის, თავისსავე,
    კართან წაიქცა.
მსოფლიო გრიალს,    მეხთ გრიალის
    ხმით, თანაგრძნობის
და მხარდაჭერის უბოლოო
    ზღვად გადაიქცა!

გზამ ძაუგიდან - ბერლინამდე
    გაიგრიალა.
ჩვენს თავდადებულ და საყვარელ
    არმიას ვაშა!
ქართველმა დროშა რეიხსტაგზე
    ააფრიალა:
პირმშვენიერმა გამარჯვების
    დღემ ირაჟრაჟა.

დღეს გამარჯვების აღმნიშვნელი
    ძვირფასი დღეა,
დღეს მისი დღეა, ვისიც ქვეყნად
    დიდი დიდება -
უბრწყინვალესი, უმაღლესი
    არის იდეა,
უსპეტაკესი სიმართლე და
    ჭეშმარიტება!

1945 წლის 9 მაისი