შუალედი - დან - მდე
 
 


დილა გამარჯვებისა


გახსოვს, წინათ, შარშანწინ,
როგორც თავის ლელოზე,
შავ ფრთებს თვითმფრინავები
შლიდნენ საქართველოზე?

გახსოვს უდაბურება
შენიღბულთა ღამეთა?
დღეს კი სხივმა ყოველგვარ
დონეს გადაამეტა.

სდგანან კავკასიონის
მთები მონავერცხლები,
გამარჯვების სიახლით
ახმაურდნენ მერცხლები.

მოჰყევ, შავო მერცხალო:
რა მზე, რა ჰაერია...
გიხაროდეს: სამშობლო
ვერაგ მტერს მოერია!

აჭიკჭიკდი, მერცხალო,
მართალია თუ არა -
ოთხი წლის მრისხანებამ
ჩვენს გზებს გადაუარა.

არ დააცხრო, მერცხალო,
ხმები ფიქრთ გასართველი:
სხვებთან ერთად თავს სდებდა
მეომარი ქართველი.

ბევრი იყო იმ ომში
ჯარი და ჯამაათი,
ოთხნი ძმანი, ზოგანაც
ექვსი, შვიდი და ათი.

გმირთა იმათ, მერცხალო,
ჰპოვონ მხარე სიმრთელით,
ვით შენ ჰპოვე უვნები
ბუდე შარშანწინდელი.

აქ, ეხლა ქვაც არ არის
უხმო, უნაპერწკალო,
აჭიკჭიკდი, მერცხალო,
ეშხიანო მერცხალო!

1945 წლის 9 მაისის დილა