შუალედი - დან - მდე
 
 


აჭარის სილაჟვარდეში


ვით პანორამა
შორეული
    კოლორადოსი -
თვალწინ იშლება
სივრცე ლურჯი
    და შორეული,
გადამავიწყდა
ქალაქების
    ბევრის სახელი,
ადამიანიც
მრისხანე და
    ცოფმორეული.
აქ კი უღრუბლო
და ლურჯი ცაა,
წინ მომავალი,
    ნუგეშისმცემი.
გემიც დაიძვრის
აჰა, საცაა,
აჰა, საცაა
    დაიძვრის გემი.
ზღვა ბარათებით
ჰკითხულობდა:
    როდის ჩამოხვალ?
არ გსურს სიმშვიდე?
შენ ხომ ეხლაც
    თვალს არ მაცილებ!
აგრე ძვირფასი
შენ იმედი
    რისთვის წაგერთვას:
ჰავა, რომელიც
ღუპავს  გესლთა
    ჯიუტ ბაცილებს?
არა უგულო
ან გულდამწყვეტი
იყოს შეხვედრა
    შენი და ჩემი...
მოვდივარ... დადგა
დრო გადამწყვეტი.
აჰა, საცაა
    დაიძვრის გემი.
ბევრი რამაა,
მეგობრებო,
    ამ ქვეყნად კარგი -
ყველაზე კარგი
აწ ლაჟვარდთა
    არის მშვიდობა...
ვით პატიმრისთვის:
საკანიდან
    რაკი გაიქცა,
აღარ სურს ცოფი,
ქარი, წვიმა
    თუ წყალდიდობა.
მაგრამ წავიყვან
გემს ნაპირ-ნაპირ!
სად ლურჯი კლდეა
    და მწვანე თხემი,
ეხლა პირდაპირ,
ქარის პირდაპირ,
ქარის პირდაპირ
    სწევს ჩემი გემი.
              
1943 წლის 11 იანვარი