შუალედი - დან - მდე
 
 


ლენინგრადს


აი აქ, ამ ქალაქისთვის
გაიმართა დიდი ბრძოლა,
დიდებული ქალაქია,
მთელი ერთი ქვეყნის ტოლა.

ხუროთმოძღვართ იგი წყალთა
სარკეებზე აუგიათ,
ხიდეები გადუჭიმავთ
და გრანიტი დაუგიათ.

იცქირება იგი სახლთა
მშვენიერი განრიგებით,
თვალს იტაცებს თავის მძლავრი
ქარხნებით და ფაბრიკებით.

მრავალ ათასეულ მუშის
და სწავლულის სდგას ქალაქი,
მას უმიზნებს საზარ ბრჭყალებს
ველურ მტერთა ხროვა შმაგი.

ჰა, ზარბაზნით აგრიალდა
თოვლიანი ტყე და ველი,
ელვა გამსკდარ ყუმბარისა
ერთ სიკვდილის ელავს ცელი.

ხმა საბრძოლო შეძახილის
და ტკივილთა დაძახება,
დაცემულთა ოხვრა, კვნესა
და ჯავშნების დაჯახება.

ხმა სატანკო მოტორების,
ომი გრგვინავს დაძაბული,
გულცივია მხოლოდ ზეცა
მშვიდი და სულგანაბული.

გადალახვა საფრთხეების
მთელ მსოფლიოს აღფრთოვანებს,
ცეცხლი არტილერიისა
ვერაგ მტერს ჟლეტს და ხმოვანებს.

მედგრად ტყვიის და ყუმბარის
მაყრუებელ სკდომის ხმაში,
საარაკო პირობებში,
ამ ცეცხლში და ამ ყინვაში,

უშიშარი მებრძოლები
შეუმკრთალნი წყალთა ქაფით,
საპონტონო ხიდს აგებენ,
ზღაპრულ ნებით და სისწრაფით.

და ხიდეზე ჩვენი ჯარი
გადასცურდა, როგორც ლავა,
სქელი ნისლის თეთრი ორთქლი
არემარეს მოეზღვავა.

აქ ვერ ითვლი ბრძოლის წუთებს,
საათს, წლების თანასწორის,
და არაა განსხვავება
აქ ღამესა და დღეს შორის.

აქ ვაჟკაცი ივიწყებს ძილს
და ამაოდ სასმელს აწვდით,
იგი სუნთქავს, ცხოვრობს, მაგრამ
ცხოვრობს მხოლოდ ბრძოლის განცდით.

რატი. როგორ იბრძოდა ის,
მასში ფეთქდა, როგორც ალი,
არა ქარი კავკასიის,
არამედ თვით ქარიშხალი.

მტერს მუსრავდა მარჯვეთ იგი,
შეულეწა ტანკის კარი,
აქ ისმოდა ბრძოლის ხმები
და ყიჟინი საომარი.

ვერ ითვლიდნენ მტერთა გვამებს
დაგროვებულს მთების ოდენ,
ცხედრებს შორის საკაცენი
ფრთხილად მიდი-მოდიოდნენ.

მოდიოდნენ ლენინგრადზე,
იქ ბრძოლებში იყო რატი,
ეხლაც მტრისთვის მიუდგომლად
დგას დიადი ლენინგრადი.

და ვერაგი ფაშისტები
უმზადებენ მაცდურ ბადეს,
უზარმაზარ შენობების
ახოვნებას უდიადესს.

აი აქ, ამ ქალაქისთვის
ეხლა მიდის დიდი ბრძოლა.
დიდებული ქალაქია,
მთელი ერთი ქვეყნის ტოლა.

ხუროთმოძღვართ იგი წყალთა
სარკეებზე აუგიათ,
ხიდეები გადუჭიმავთ
და გრანიტი დაუგიათ.

იცქირება იგი სახლთა
მშვენიერი განრიგებით,
იმუქრება თავის მძლავრი
ქარხნებით და ფაბრიკებით.

სდგას ქალაქი, სდგას განთქმული
უდიდესი, ღრმა ძიებით,
სახელოსნო მოვლენების,
მბორგი რევოლუციებით.

მრავალ ათასეულ მუშის
და სწავლულის სდგას ქალაქი,
მას უმიზნებს საზარ ბრჭყალებს
ფაშისტების ხროვა შმაგი.

სამშობლოსთვის, სტალინისთვის
სხვებთან ერთად იბრძვის რატი...
ლენინგრადი აღელვებს მას,
მშვენიერი ლენინგრადი.

[1941]