შუალედი - დან - მდე
 
 


* * * სანაპიროზე...


სანაპიროზე,
            ზვირთების ხმაზე,
ქარი ხიდს ეკვრის -
           როგორც ხეს ვაზი.
ყელმოღერილი,
           უსაზღვროდ ნაზი,
ჩონგურს დამღერდა
           ქალი აფხაზი!

ჩონგურს დამღერდა
           ქალი გურული
და მას ხმა ჰქონდა
           ანდამატური.
მედგრად გაისმა
           ხმა ხევსურული
ქალის, ხელთ რომელს
           ეპყრა ფანდური.

მოიღვრებოდა
           ჰანგთ ნიაღვარი,
რეკავდა ეშხით
           ხმა უცნაური
და ის საღამოც
           იყო სხვაგვარი -
ოდეს ფანდური
           ჟღერდა ფშავური.

სიმღერა მძლეა
           თვითონ რკინაზე,
და, დეე, ეშხით
           იყოს შეკრული -
ოცნება, სევდა,
           გული, სინაზე -
როცა ჩონგური
           გაჩნდა მეგრული.

ჩვენ ვიგონებდით
           ჩვენს სიყმაწვილეს -
რა მსწრაფლ-ქროლაა,
           რა სანანური...
ვინ მოიგონებს
           სხვა იმგვარ „ლილეს“,
ჭუნირს რომ ჩანგი
           მიჰყვა სვანური.

იმერს და ამერს
           ლიხს იქით, აქეთ,
ამღერებული
           არის ბუნება,
ჩვენ ეს კოშკები
           სიმღერით ვაგეთ,
ომს სდევს სიმღერის
           აგუგუნება.

ტკბილი სანთურის
           და სალამურის
ჰაეროვანი
           ხმის გაგონება,
გულს აგვიძგერებს,
           სულს იგი სწყურის -
მარად, ვით კარგი
           რამ მოგონება.

რომ უძველესთგან
           ნაანდერძევი
ყველგან სიცოცხლის
           კარი შეიღოს -
საქართველოზე
           გვესმოდეს ხმები,
ჩვენს სამშობლოზე!
           დე, ესე იყოს!

- დე, ესე იყოს!
           იმეორებდა
ხალხი, მტკვრის პირას
           ჯგუფ-ჯგუფად მდგარი,
მტკვარი ზვირთს ზვირთზე
           მიაგორებდა,
მშობლიურ ჰანგებს
           ისმენდა მტკვარი.

           უეცრად შორით
შენიშნეს ცხენი.
           - ო, უნდა იყოს
რაღაც ამბავი!
           ასეთ სისწრაფით
რომ მოაჭენებს,
           ნეტა რას ნიშნავს?
რაა ნეტავი?

შეჩერდა ცხენი,
           ღელავს მხედარი.
მიაწყდა ხალხი:
           - სთქვი, სთქვი, რა მოხდა?
მხედარმა ნაბდით
           მოსილი მხარი
გაისწორა და
           ცხენით ჩამოხტა.

- სთქვი, სთქვი, რა მოხდა, -
           ჰკითხავდა ხალხი,
წინგაწეული
           როგორც მტკვრის ტალღა.
- რაღა რა მოხდა, -
           ამბობს მხედარი, -
ჩვენი საზღვარი
           გადმოილახა!

მეხის გავარდნას
           მოწმენდილ ცაზე
უდრიდა სიტყვა
           აქ მონასწრები.
ჩვენი საზღვრები...
           ჩვენი... მაშ, ასე...
გადმოილახა
           ჩვენი საზღვრები!

დადგა დუმილი,
           დიდი წარეცხვის,
დიდი ქარიშხლის
           წინამორბედი.
წინ ბერიკაცი
           დადგა, სთქვა: შერცხვეს,
ვინც მტრის წინაშე
           მოხაროს ქედი.

- ამინ! - ზღვამ ერთხმად
           დაიგრიალა
და მტკვრის შეაკრთო
           საღამო კარგი.
სადღაც ნელი ხმის
           შესწყდა წკრიალი
და საომარ ხმით
           აჟღერდა ჩანგი.

1941