შუალედი - დან - მდე
 
 


სამშობლოსათვის


უხსოვარ ხნით მდინარეობს
უსამართლო ძლიერება,
არის მხარე და მხარეობს...
შეხედავ და... უცებ ჰქრება.

ნილოსიდან ვიდრე ტიგრის
და ევფრატის ზემოკარის,
ხმელთაშუა და შავი ზღვის
პირად ფენილ შემოგარეს,

მხარე, სხვა მხარეთა ოდენ
ბუნებისგან ნაფერები,
სდგებოდენ და ეცემოდენ
ძველი ხალხი და ერები.

სახელმწიფოთ მათ ნაქები
ხსოვნანი სად იჩქარიან,
ის მდიდარი ქალაქები,
ის ციხენი სად არიან?!

სად არიან ის სარდალნი,
მედროშენი ურიცხვ ჯარის,
ისტორიის სამართალი
გადამჭრელი აქ სად არის?

მხარეებზე ძარცვით გავლით,
მონურ შრომით ჭირთამქმედი,
ბეგარითა და ნადავლით
მოპოვებულ სიმდიდრეთი.

ფარაონთა და მათ მოგვთა
აწ რომელი ჰშვენის ჩარჩო,
მეფე ისე როგორ მოჰკვდა,
რომ ხსოვნაც კი აღარ დარჩა?

თუნდ აჩრდილი ჰპოვეთ მისი,
რომელს ერთ დროს ერქვა მცველი,
სად შთაინთქა ის მემფისი,
ის ქალაქი ძველისძველი?

ბრწყინვალება და დიდება
ქარვასლებით, კოშკით, ბაღით,
აწ რატომ არ იჭვრიტება
წარუშლელი სიამაყით?

ვერვინ ჰპოვებს თვით ნანგრევებს,
სივრცე არის ირგვლივ ფართო,
სძინავთ კორდებს, სძინავთ ხევებს,
მიკიოტი ჰკივის მარტო...

აზიდულა ერთი პალმა
და მძიმეა სუნთქვა მისი,
ამ მიდამოს მიესალმა
დავიწყება მარადისი.

სასახლეებს, მაღალ ტაძრებს,
სად ეფინათ ალი ბრწყინვათ,
ვერავინ ვერ მოისაზრებს,
რომ აქ რამე იყო წინათ.

ბაბილონის უწვდომელი,
მიუდგომელ კედელთ რიგის
დარჩა თუნდა ქვა რომელი,
ან სადაა ნეტავ იგი?

მხოლოდ ზღაპრის, მხოლოდ ზღაპრის
არაბულის დარჩა რკალი,
ამსახველი იმ სიმძაფრის,
რომ აქ ჩადგა ქარიშხალი.

სად სიცოცხლის სდუღდა ზვავი,
მთელის გულით, მთელის ვნებით,
სად ჰყვაოდა დრო, უკვდავი
სიბრძნის ესდენ გატაცებით.

იქ ვნებით და მისწრაფებით
გაიზარდა სხვა იარა -
აჩქარებით, აღქაფებით -
ყველაფერმა ჩაიარა...

სად სიმდიდრემ აიყვანა
მაღლა კვნესა და ვაება,
სიბეჩავეს სად ქვეყანა
სასიკვდილოდ გადაება,

სად მეფეთა უგონობა,
სიხარბე და სისხლთ-წყურვილი
იყო ოქრო და მონობა,
ხოცვა-ჟლეტის მძლე სურვილი.

იქ აწ შავი სჩანს ხევები,
სიბნელე თრთის უამურად...
ქოხმახები, ნანგრევები,
მტვერი, მტვერი და ღამურა...

ვის ვასალად არის ეხლა,
გაბნეული ბზედ და ჩალად,
ვისაც ომი, რბევა, შეხლა
გარდაუვლად ედო ვალად?..

რას ჰფენს ჟამთა მკრთალი ვადა
ისტორიას ჩადრით ფარულს,
სხვა მშვენებას, სხვა ტროადას,
იმ ტროადას ლეგენდარულს?

რა შეემთხვა ერთ კართაგანს,
უაღრესად მძლავრს და ზვიადს,
რომთან ქიშპში მყოფ კართაგენს,
თვით იმ რომს და ბიზანტიას?

და რამდენი მხარე მერე,
რამდენს აღარ აქვს ხსოვნება...
სად გაჰქრა ის სიძლიერე,
სიმშვენე და აზროვნება?!

ყველაფერი შთანთქა ომმა -
ის ძალაა, ის ღონეა:
პარტიამ სთქვა, ბრწყინვალედ სთქვა,
რომ ეს მგლური კანონია.

მეომრებო! მეორდება
ისტორია ჟამთა დენის,
ეხლა იგი გზას შორდება,
სადაც ტყეა კომპიენის.

და ჰიტლერი, ასე წყრომით
გამომჭვრეტი წამწამებით,
ანგრევს ქვეყნებს, შექმნილს შრომით,
სისხლითა და გაწამებით.

აწ მოუნდა, შრომითა და
თავდადებით ანაგები,
ცეცხლითა და მახვილითა
მოსპოს დაბა-ქალაქები.

კვლავ საშინელ აფეთქების
მწყურვალეა ძველი ჟანგი,
ცეცხლის, სისხლის ქებათ ქების
ჟღერს ტევტონის ურცხვი ჩანგი.

ვერა, ის ვერ გაიმარჯვებს!
მთელის აზრით, მთელის გრძნობით
საბჭოეთი ძლიერია
ხალხთა ძმობა-მეგობრობით.

დაეჯახე უნდობარ მტერს,
ხალხთა რისხვა-ჟრიამულო,
რადგან სამართლიანია
ჩვენი ომი სამამულო.

სამშობლოსთვის, პარტიისთვის
სდგას მებრძოლი და პოეტი,
უშიშრად სდგას - აი, რატომ
გაიმარჯვებს საბჭოეთი!

1941