შუალედი - დან - მდე
 
 


* * * თუმცა ნაცნობებს ბევრს...


(ვ. იოსელიანის ხსოვნას)
თუმცა ნაცნობებს ბევრს ვიგონებ ავალიანებს,
იგი ძველი დრო არავის არ გვავალიანებს,
ვშალოთ დავთრები, შემოსავალ-გასავლის წიგნი
და გამოვუდგეთ უვალოებს და ვალიანებს.

ვით უჩინარი რამე ოქრო, მიწად შთანთქმული,
ვით მუხის ფესვი, კლდის სიღრმეში მჭიდროდ განდგმული,
მარადის ხარკად ემართებათ ავალიანებს -
იოსელიანთ პურმარილი სახელგანთქმული.

მიჰყე ანდაზას და ნუ გიკვირს, რომ გაწვალებენ,
შენს ნამოქმედარს აგერ ვინმეს დააძალებენ.
იოსელიანს არ ეწყინოს, თუ ავალიანს
იმისი უხვი პურმარილით შეიწყალებენ!