შუალედი - დან - მდე
 
 


* * * რედაკტორი გრეჲ იძლევა რჩევას...


[ციკლიდან „პაციფიზმი“]

რედაკტორი გრეჲ იძლევა რჩევას:
საბჭოთა კავშირს
თუ ავუტეხთ ომს, ჯარის შერჩევას
შევუდგეთ თავშივე!
მექანიკური ჩვენი არმია,
როგორც შპალერით
უნდა შეივსოს კიდევ ფერადი
კავალერიით...
მზადება მტკიცე, ცივი, ველური.
ადამიანის
ავდრის დინება ისევ გველური
და შხამიანი.
ჩემბერლენი იქ, ჩემბერლენი აქ!
მარადის ხარბი
და სისხლიანი ხელები მიაქვს,
არ ეხვრის წარბი.
გველივით ჩუმი ხაფანგებს აწყობს,
სდუმს, ეპარება.
ასაფეთქებელ მასალებს აწყობს,
ჩრდილს ეფარება
ხან აქ და ხან იქ. ზევით და ქვევით,
მარჯვნით და მარცხნით
თესავს გათიშვებს სისხლით და რღვევით,
ნგრევით და მარცხით.
სატანიურად მოქნილ თვის ბრჭყალებს
უეცრად ასობს,
კოლონიების ველს და მწვერვალებს
უვლის, ჯამბაზობს.
სისხლით დაცლილი ეცემა მსხვერპლი
და მწარედ კვნესის,
ზარბაზნებისგან შექმნილი ფერფლი,
ოხვრა განგესის.
ფიქრი მღელვარე ინდოეთისა -
იღვიძებს მონა,
ძვლებით ქვეყანა რომ მოითესა,
მან მოიგონა.
მან გაიღვიძა დიდი ხნის ძილით
და იმუქრება,
ის სუნთქავს ცეცხლით,
ცეცხლის სახმილი
თვალთ არ უქრება.
ღრინავს ჩემბერლენი,
აქრობს და ანთებს,
ანთებს და აქრობს,
თუ ერთგან აქრობს
ცეცხლოვან ლანდებს,
ასი სხვა მაგრობს.
აჰ, ჩემბერლენმა დაჰკარგა გონი,
ანთებს, წვავს, დაგავს.
მან ზარბაზნების ამართა ფონი
გააფთრებულს ჰგავს.
მაგრამ გვგონია, იქნას ხანმოკლე,
ვით საპნის ქაფი,
სახელგანთქმული მისი მონოკლი
და ბრგე ნიკაპი.
ჩემბერლენმა სთქვა: „ლიტვა ცბიერობს,
პოლონეთს თითქო
„საწყალ“ ლიტვაზე სურდეს თავდასხმა
სად... როდის ითქვა?
რაკი ასეა, რა კი მთლად ბედი
ასე დარაზეს,
სჯობს გავამართლოთ მალე იმედი
ვოლდემარასის“.
შეხედეთ, ლიტვა! ცბიერ ბადეში
გაბმული ერი.
მას აგონებენ დღის სიცხადეში:
მოთვინიერდი!
შენ კოლონიად ყოფნა შეგფერის,
გაბმულხარ? კარგი!
რაა უფლება პატარა ერის?
ზედმეტი ბარგი!
შენ ერთა ლიგას დაუგდე ყური
შენ ნუ გგონია,
რომ იგი არის გიდრა, ველური
კაკაფონია.
შენ არ გეგონოს, რომ იგი არის
მარტოდენ სიტყვა,
ცენტრი ომის და მომწყობი რბევის...
არასდროს, ლიტვა.
ო, ლიტვა, ლიტვა! ამაოდ მტრისგან
მოელი შველას,
მედგრად, ხმამაღლა
შენს გამოუცდელ გულწრფელობისგან
ის ხარობს ბნელად.

მაგრამ ჰა, ლიტვა ალაპარაკდა
მედგრად, ხმამაღლა.
თხოვნა და ხვეწნა, ხვედრი ბარაკთა
შესწყვიტა. ახლა
საზღვრებთან ჯარებს აგროვებს; ღონეთ
ჰქმნის ხალხის ფესვებს.
დაუყოვნებლივ ჰქმნის პოლონეთიც
საალყო წესებს -
რათა ფარულად ჯარები დასძრას
ლიტვის საზღვართან.
ჩამოაფარა თვის სახეს საზარს
მანევრის ფარდა.
უცებ მანევრებს სწყვეტს რეტდასხმული
ვით ზღვების ღვარი.
გარნიზონებში აბჯარასხმული
ბრუნდება ჯარი.

ბერლინი ელჩით პოლონეთის ელჩს
აფრთხილებს, რათა
არ იქნას ომის შესაძლებლობა
ლიტვის საზღვართან.

კარგს არასოდეს არ იტყვის, ცუდს კი:
„იქნეს რევანში,
წავალ კოვნოში, - ამბობს პილსუდსკი, -
სულ მოკლე ხანში“.

ო, ლიტვა ცამდე არის მართალი,
მაგრამ მძლეველი
არის კანონად მთავარსარდალი
ტყვიის მფრქვეველი.

პოლონეთის გზის ვარდი ფენილი
სისხლის ფერია,
იგი მოქადე და დატენილი
მაუზერია.

[1930]