შუალედი - დან - მდე
 
 


ოპერიდან გამოვიდა გვიან


[ციკლიდან „პაციფიზმი“]

ოპერიდან გამოვიდა გვიან,
ყველა ნახა და ვერავინ ნახა,
კლუბის წევრი ახლა აღარ ჰქვიან,
თუ წაშლილა ნაცნობების სახე...
ყველგან იყო, სასახლეშიც იყო,
მთავარ ქუჩით გაიარა ნელა.
ზედ კარებზე მიყრილია თიხა;
ამომწყდარა, გაიფიქრა, ყველა.
გამობრუნდა კვლავ იმავე ქუჩით,
თეატრიდან მასსა მოდის ტალღით
და დარწმუნდა, ხეივნების რუჯით
რომ აქ მართლა ამომწყდარა ხალხი.
უცებ ქალის გაახსენდა ბინა:
ეტლი! ჩქარა! ნიავია ქარის!
ცოცხალია კურტიზანი ნინა,
მაშ, სიცოცხლეც ეფინება პარიზს.

[1930]