შუალედი - დან - მდე
 
 


შენ, ფოლადივით ცივი თვალებით


[ციკლიდან „ეპოქა“]

შენ, ფოლადივით ცივი თვალებით
უცქერ განვლილ გზას და არ ემდური.
რად გინდა იყო დიდი პოეტი
თუ სიცოცხლეში ხარ უბედური?
აქვეყნებ ლექსს თუ თმას გადივარცხნი,
გამოსვლის უმალ, როგორც შურდული
მოგესევიან მარჯვნივ და მარცხნივ
და წუთის უმალ ხარ გაქურდული.
შენ, ფოლადივით ცივი თვალებით
უცქერ განვლილ გზას და არ ემდური,
რად გინდა იყო დიდი პოეტი
თუ სიცოცხლეში ხარ უბედური?
კვლავ მოვარდება ახალი ერა,
სახელად დიდი მსოფლიო ომი,
კვლავ პროპელერის იქნება ბგერა
გაზებით კაცთა სიკვდილის მდომი.
მაგრამ ისვრიან ელვათ უკმეხი
ახალი ღელვა ნამდვილი მზისა,
კვლავ იმძაფრება მედგარი მეხი
მოახლოვებულ რევოლუციის.
მეტეორიტის,
ბოლიდის ან მთვარის ნატეხის
დედამიწაზე
ჩამოვარდნას ჰგავს ერთი გრძნობა,
რომელსაც რღვევის,
კატასტროფის და გარდატეხის
წყურვილით სავსე
ჩემი გული ელის, ენდობა!
ახალი ხანა რამ შეატოკა?
როდის დამთავრდება ეპოქა?
ეპოქა დამთავრდება
მსოფლიო რევოლუციის
მოხდენის დღესავე,
მე მისი გული ვარ
და მონათესავე.

[1928]