შუალედი - დან - მდე
 
 


გამბედაობა


[ციკლიდან „ეპოქა“]

თაობას მოსდევს კიდევ თაობა.
გამბედაობის დიდი გენია,
აღმოჩენანი ახალ-ახალი
ქვეყნად, შეხედე, რაოდენია!

თაობას მოსდევს კიდევ თაობა,
და მიღწევების დამახსოვრება
ქმნის ახალი გზის, ახალი ქვეყნის
ადამიანის ახალ ცხოვრებას.

სხვაგან, სხვა მხარეთ განვითარება
რაღაც უმიზნოს მიჰყავს დინებას,
ჩვენი ეპოქა მიზნად ისახავს
კაცობრიობის აღორძინებას.

ეს განსხვავება უფრო მკაფიო
სინათლითაა ნაბინდბუნდები,
როდესაც უცხო საზღვარგარეთით
მშობლიურ მხარეს დაუბრუნდები.

და შენ განიცდი დიად სიხარულს
სახლში, ყანაში თუ ქარხანაში -
შრომის სიხარულს, წინსვლის სიხარულს
ჩვენი საქმისთვის, ჩვენ ქვეყანაში.

სხვა ქვეყანაში კაპიტალიზმი
უფლებას იცავს ყველა ბრჭყალებით.
ესკადრილიის, დესანტებისა,
ხვრეტის, დარბევის საშუალებით.

კოლონიალურ მუშების ბედი
ნუ დაესიზმროს ჯარს და ჯამაათს -
იმ „კულტურული“ ბორკილის მუშა
მუშაობს 14 და 18 საათს.

კაპიტალიზმი ცდილობს ააგოს
და განამტკიცოს თავისი ბედი
მუშათა კლასზე გააფთრებული
და გამარჯვებულ ბრძოლის იმედით.

კაპიტალიზმი ცდილობს დააბას
მუშათა კლასი მაგარი ურვით,
მის ნერვებისგან კიდევ ზედმეტი
ღირებულების მთლად ამოწურვით.

კაპიტალიზმი ცდილობს ომისგან
მოხდენილ კრიზისს გაართვას თავი
და ემუქრება პროლეტარიატს
იგი, ბურჟუა, სულთამხუთავი.

კაპიტალიზმი სხვა გამოსავალს
ვერ ხედავს, მუშის დარბევის გარდა.
ჩვენში სხვაგვარი არის ეპოქა:
აქ სახელმწიფოს თვით მუშა მართავს.

ყოველმხრივი ზრდის და გამარჯვების
თვითეული დღე არის ფაქტორი
მხარეში, სადაც მშენებლობაა
დღეს ჰეგემონი და დიქტატორი.

მეცნიერების, ტექნიკის, ყოფნის
და ხელოვნების დასაყრდენია,
გამბედაობა ახალ-ახალი,
გამბედაობის დიდო გენია!

გამბედაობა, დიდო გენია!
თაობას მისდევს კიდევ თაობა,
გამბედაობა, გამბედაობა
და ერთხელ კიდევ გამბედაობა!

[1928]