შუალედი - დან - მდე
 
 


სიჩუმეა ეს?


[ციკლიდან „ეპოქა“]

ზღვა არ ბობოქრობს, დროგამოშვებით
სირენას ისმის ხმა გაბზარული,
სდგანან გემები ფერად დროშებით
და შავი კვამლით გადაფარული.
იდუმალებით ისევ სავსეა
ზღვის ცივი გული, ნისლი სოველი.
გულხელდაკრეფით, ბიჯგადადგმული
დგეხარ, არსაით ხმას არ მოელი.
კრეისერებო, უცხო ქვეყნების
ზღვა გადმოლახეთ მძლეთა მძლეველი,
ნუთუ იმისთვის, რომ შეითვისოთ
მხოლოდ სიჩუმე დაურღვეველი?
და ბრძოლის დღეთა დასცხრა ნაღარა?
- არა და არა!

[1928]