Ars Poetique
ათასი ლექსით
დანგრევის გარდა
ვგრძნობთ ამთოვრებას,
რევოლიუციამ ახადა ფარდა
ცოცხალ ცხოვრებას.
მასსის მძლეობა
გაეშვა ისრად -
პასუხისგება, მოვალეობა,
როგორც პოეტებს, ჩვენც დაგვეკისრა,
რომ ქვეყანაზე არ იყოს მცნება:
„არ მოხერხდება! არ შეიძლება!“
ჰაის, და ჰოის
ხმა ხომ ქვევრია
და შეცდომები ახალი დროის
ბევრზე ბევრია.
მაგრამ -
როდესაც შენდება მხარე,
როცა კულტურის ხე-ტყე მკვრივია
ხარაჩოებში, ხე-ტყეში, მწარე
შეცდომა მუდამ ბუნებრივია:
ისე ბევრია ხე-ტყეში ჟვერი,
ისე ბევრია აქ ნახერხები,
კირი, თლილი ქვა, ცემენტი, მტვერი,
ხელსაწყოები, ლოდი, ვერხვები -
უხერხულია იქ სიარული,
მათზე გადასვლა და შრომა ომით,
მაგრამ შენობა მაინც შენდება,
მიემართება შენობა შრომით.
შორს ლურჯი ცაა გამოსახული
არა მონური -
ჯერ არ ნახული,
რევოლიუციონური.
ხუროთმოძღვარი რკინის კონებით
ხომ იმორჩილებს რკინის სიფიცხეს,
სავსე ახალი ზეშთაგონებით
ის, რა თქმა უნდა, არ დაივიწყებს,
და არ ივიწყებს ეხლაც კი ძველი
შორს გადაზიდოს, არეკოს ჟვერი,
მშენებლობასთან უცილებელი
შეცდომა, მტვერი!
მატარებელში მე ამ სტრიქონებს
ვსწერდი რეფლექსით,
სალამი ტფილისს, პოეტებს,
ათასი ლექსით!!!
1928
ტფილისი, რკინისგზის სადგური