შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ღუტუ ენგურს მიადგა...


ღუტუ ენგურს მიადგა,
ხიდი აღარ შთენია...
ადიდებულ მდინარეს,
ნეტავი, რა სწყენია?
აღრენილა, აღვრილა,
ქაფი მოუდენია,
იმუქრება, იკვრება,
მიაქვს ცოდვის გენია.
ღუტუს მოსდევს მდევარი,
ღმერთო, რა დარჩენია?
ცხენით ტალღებს შეერთო,
აპობს, მარჯვე ცხენია.
დადგა საბედისწერო,
ნაბადი ვერ ფენია,
ცხენი თუმცა მარჯვეა -
უხედნავი ცხენია.
ცხენმა რომ უღალატა,
ენგურსაც არ სცხვენია.
ზვირთნი გაიძახიან:
ღუტუ ეხლა ჩვენია.
იძირება ღუტუნია,
ტალღებს ვერ გასწვდენია,
ფიქრობს: ვაი, საცოლევ,
სად ხარ, რაღა მშთენია?
რომ ხედავდე, რა მომდის,
დაგწვავს ცოდვის გენია,
დაიკაწრავ თეთრ ლოყებს,
ცხარე ცრემლი გდენია.
ჩემ თოფი და ლეკური,
ცხენიც სხვას დარჩენია -
დაიღუპა ღუტუნია,
საწოლზე არ სვენია.
თავის ცოლის მაგივრად
ენგურს მიუწვენია.
დაიღუპა...

[1928]