შუალედი - დან - მდე
 
 


ღიმილი


[ციკლიდან „ეპოქა“]

 ბევრი ღიმილი მინახავს ქვეყნად,
ბევრჯერ დამწვია ღიმილით გული,
ერთში დაგმობა გამოითქმოდა
და მეორეში კი - სიყვარული.

მე ვიცი სახე, რომლის ნაკვთებზე
მხოლოდ სატანის სული კრთებოდა,
შხამით და გესლით უძგერდა გული,
იგი კი მაინც იღიმებოდა.

ეხლა შენ გახსოვს მისი ღიმილი
მთრთოლვარე, როგორც მაისის ვარდი,
შენ არ უყვარდი და მაინც ისე
იღიმებოდა, თითქო უყვარდი.

ხომ არის ხალხი: თვალწინ უწყვიათ
ცხარე ბრძოლაში მოკლული ძმები,
ამ დროს ვინ უნდა იღიმებოდეს? -
მხოლოდ იუდა და გამცემელი.

არის ნაღველი! ის მეფობს გულში,
ყოველ ფიქრთა და ნატვრათა მძლევი,
მხოლოდ ნიღაბი ჰფარავს ამ ბოღმას -
ეს ღიმილია ნაძალადევი.

დადის ღიმილი საბედისწერო,
ეს ღიმილია ეხლა ჩვეული,
ის ისევე ნისლს მიეფარება,
ნისლიდან ოდნავ გამორკვეული.

გაფიქრებს ბევრი იდუმალება,
გაშინებს რაღაც, მაგრამ თან გხიბლავს,
იგი სავსეა მიმზიდველობით,
რომ შემდეგ გული უფრო მოგიკლას.

ჩვენ კიდევ ბევრი ვიცით ღიმილი -
არც მხიარული, არც მოწყენილი,
თითქო მტრედია მართლა უმანკოდ
და გულუბრყვილოდ შემოფრენილი.

გულს ჩაგვრჩენია ერთი სიცხოვლე,
ვერ წაშლის თვითონ სტიქიის ჩრდილი,
და არადსროს არ დაგვავიწყდება,
რადგან ის დედის არის ღიმილი.

[1928]