შუალედი - დან - მდე
 
 


გაფიცვა


[ციკლიდან „ეპოქა“]

აი ფაშისტურ პოლონეთის ცას
გადაეფარა შავი ღრუბელი,
ღრუბლებს ცეცხლივით გაეკრა ელვა
მრავალ სისხლიან ღამის მთევარი.
გავარდა მეხი! სწორედ იქ, ცენტრში,
სად ქარხნის მუშა სდგას გამურული:
უნდა დაინგრეს და შეიცვალოს,
უნდა განახლდეს ჩვენი პლანეტა,
განა არ კმარა, რაც ის მონობის
გაუნელებელ ქარში იცდიდა.
სულ ცეცხლისფერით შეივსოს ფერი,
სილაჟვარდეთა და სიმწვანეთა
გაუმარჯოს ლოძს, გაფიცვებისა
და ბრძოლების დღეს რომ განიცდიდა;
გაუმარჯოს დროს, როცა ვეზუვის
გული ამოხეთქს ერთხელ სრულიად,
პროლეტარული წყევლა და კრულვა
რომ დააცხრება დღეებს სავსებით,
მრავალთა მხარეთ ეხლაც, შეხედეთ,
ცა მოლოდინით დამურულია,
შემოსილია ფაშიზმის სუსხით,
დაფარულია მღვრიე ხავსებით.
აღსდექით, დროა! გამოფხიზლების
ყველგან ნიშნები არის უდავო!
იმ კაპიტალის მძიმე უღლისგან
არსად არ არის დარის-დარება
ყოველ მის ნაბიჯს, ეხლა კი დროა,
ხურდა ხურდაზე გადაუთავო,
ემზადე ბრძოლის დასაწყისისთვის,
იქნება სუსხი და გამწარება.
მრავალ ათასთა პროტესტი ჩუმი
გამოღვიძების ბგერაა თვითონ,
თვითეული ხმა დაბუგულია
აჯანყებათა მძლავრი ღრუბლებით,
ძირს მუქთახორა! - სთქვით, მშრომელებმა -
ეს ბორკილები რად უნდა ზიდონ,
რისთვის არ უნდა ჰქუხდეს ქვეყანა
პროლეტარული ძალაუფლებით.
ჩვენც თქვენთანა ვართ! დაკოჟრილ ხელთა
გამწარებულთა წყება მრავალი,
იგი მუქარას უთვლის კაპიტალს,
იგი ბრძოლისკენ მიეჩქარება.
კმარა დუმილი და მოთმინება!
მისია მხარე და მომავალი,
ყოველ ასეთგვარ ქარიშხალს მოაქვს
შრომის სუფევის აღიარება.
გრანდიოზული ფაბრიკა-ქარხნის,
მაჯების სუნთქვა უცებ დასრულდა,
არ ბოლავს მილი აშენებული,
დამონებული ქვით და მიწებით
ჩვეულებრივი დღეების რკალებს,
გასცდა გაფიცვა და გაბასრულდა,
მეორე დღისთვის დღე ემზადება -
მოლოდინითა და მოწიწებით.
უზარმაზარმა საქსოვ ფაბრიკამ,
მოშორებულმა გუთანს და სახრეს,
ელვის სისწრაფით რომ აისროლა,
უკანასკნელი თავისი წინდა -
თითქო უეცრად მან ყური მოჰკრა,
რაღაც დიდებულს, რაღაც უაღრესს,
უკანასკნელი დასძრა ქსოვილი
და სიჩუმეში იგი გაყინდა.

[1928]