რევოლუცია არის გრიგალი
[ციკლიდან „ეპოქა“]
რევოლუცია არის გრიგალი,
რევოლუცია არის სტიქია,
რომლის სისწრაფე და ძლიერება,
არ გწამს, არ გჯერა, არ გაგიგია?
რევოლუცია არის ქარბუქი,
იგი მაისის არის დამდეგი,
რა დაუნდობლად განადგურდება -
ყოველი მისი წინააღმდეგი.
შორი მომავლის არაა ხანა,
როს დალაგდება ღელვა რღვეული,
ეს ლოზუნგია დღევანდელი დღის,
ეხლანდელია და ძირეული.
ასეთნაირი დიქტატურა ჰქმნის
აუცილებელ გზას და პირობას
მისცეს ახალი შარავანდედი
ჩვენი ეპოქის უძლევ გმირობას,
იგი დაეძებს შესაძლებლობას,
რომ მწარე დროის უარმყოფელი
მტკიცედ დაადგეს განახლების გზას
ჩვენი ქალაქი, ჩვენი სოფელი.
ეს მეტად ძნელი არის მიზანი,
საჭირო არის დიდი მძლეობა,
გამოიყენოს მუშათა კლასმა
ისტორიული მემკვიდრეობა.
ეს სულ არ არის ისე ადვილი,
როგორც ჰგონია თვალებ-მხიარულს,
უცებ დაამხოს ბურჟუაზია
და შეხვდეს მხარეს ინდუსტრიალურს!
[1928]