* * * ინგლისელს მწერალს...
[ციკლიდან „ეპოქა“]
ინგლისელს მწერალს მსურს ვუთხრა: მისტერ!
თქვენ მსოფლიოში ხართ ისე თეთრი,
რომ უფლება გაქვთ არ გაირიყოთ,
როგორც პოეტი და გეომეტრი.
თქვენი გახედვა სავსეა მოკვლით,
ის ჰიპერბოლებს არ აგვიანებს:
თუ ლონდონიდან სიტტის მონოკლით
მთვარეზე იკვლევს ადამიანებს.
და მერე როგორს? თვითეულს მათგანს
წარმოდგენისას აშორებს ფაზისს,
ჰიპერბოლებით დასერავთ ათგან;
თვითეულ მათგანს ეს დაღი აზის.
აი: იქ მცხოვრებს, სწავლულს უდიდესს
შუბლი აქვს რაღაც უზარმაზარი.
მაგრამ როდესაც აიხდის რიდეს,
სხეული მჭლეა და შესაზარი.
კოლოსალური, მძლავრი სპორტსმენი,
მსხვილი ძარღვები, კუნთები, მკლავი,
კოლოსალური სიდიდის ტანი
და უიმედოთ პატარა თავი.
ვარსკვლავთმრიცხველი სიბრძნეს შეება
ძველთა ფორმულათ რისხვით დამშენი,
მას თვალები აქვს დიდი, ვეება
და ფიგურა კი ძლივს შესამჩნევი.
კვლავ შედარება უფრო იზრდება,
თქვენი გენიაც უფრო მკვეთრია,
და გვევლინება ჟურნალისტებათ,
რომელთ ხელები - კილომეტრია.
მისტერ! თქვენ ამბობთ მართლა ქაოსებს,
ჰიპერბოლებით ასე ჯვარცმულებს,
კიდეც გვაღელვებს, კიდეც გვაოცებს,
მაგრამ ვერასგზით ვერ დაგვარწმუნებს.
შეგისწავლიათ თქვენ მარსიც ასე
და რომანში გაქვთ სიტყვა ჩართული
რომ გიგანტები ცხოვრობენ მარსზე
და მათი ენა არის... ქართული!
გმადლობთ! აი ეს იქნებ სწორია.
უუძველესი ქართველთა მოდგმის
გცოდნიათ ენა და ისტორია,
მისი კულტურის, მისი გამოთქმის.
იქნება გვითხართ, რომ უფრო სრული
ამ აღმოჩენის იქნას ეფექტი:
მარსზე გამოთქმა არის ქართული,
მაგრამ ქართულის რა დიალექტი?
[1928]