შუალედი - დან - მდე
 
 


საბავშვო ჟურნალიდან


[ციკლიდან „ეპოქა“]

დრო რამდენნაირს ატარებს სურნელს!
ყური დავუგდოთ საბავშვო ჟურნალს:
სადგურის ქუჩას გზა გადაუჭრეს
და ხალხს პანიკის მოჰყვა სტიქია.
სადგური იყო თეთრების ხელში,
რომ რაზმი შეჰკრთა და დაიხია.
ტყვიისმფრქვეველი ზურგიდან უარს.
ხევში ჩასაფრდენ და იქ ისვრიან,
სიმტკიცისა და გაბედულობის
ხმაზე გადასვლა ბევრს უკისრია.
ხალხი გვაკლია, მოგვეცით ჩქარა,
ჩავარდნილი ვართ რა საგონებელს,
გამოვიწვევდით სათადარიგოს,
მაგრამ გაფუჭდა ტელეფონები.
სხვა ხელში იღებს ტელეფონის მილს:
მომეცით რაზმი სათადარიგო,
არავინა გყავთ? ახალგაზრდები?
რაო? არ ძალგიძს რომ მოარიგო?
ჩვენც არავინ გვყავს, რომ მოგაშველოთ.
მაშ დაიხიეთ, აბა, ჰარიქა!
ეუბნებოდა შიკრიკებს თეთრი,
წამია ეხლა მძაფრი და მკვეთრი.
თქვენ წადით შტაბში და მოახსენეთ,
რომ დაჭერილი გყავთ ბოლშევიკი,
მას აღმოაჩნდა ორი ყუმბარა.
და სულ კი... შვიდი წლისაა იგი.
ბავშვი თვალთმაქცობს ისტერიულად:
ო, შემიბრალეთ! ა, მეტანია!
კეთილშობილი ვარ... მამაჩემი,
მეორე რანგის კაპიტანია.
მე ბოლშევიკი სულაც არა ვარ,
ბარონესაა ჩემი ბებია.
ნუ დამხვრეტთ. ჩემი ნათესავები
ყველა გრაფი და გენერლებია.
მაშ კარგი, წადი! - გაუშვეს ბავშვი
და ეხლა იგი მიდის ქუჩაში.
წითელი დროშა დაინახა შორს
და სიხარულით შემოჰკრა ტაში.
გაიარა რა პირველი ქუჩა,
შესახვევიც გაიარა მრუდი
მესამეს რომ მიაღწია ბავშვმა,
ტყვიამ თავზე ააგლიჯა ქუდი.
მაინც მიდის. აგერ შტაბიც. მამა.
ბიჭუნია სცნო წითელმა შტაბმა.
შენ დაჭრილი ყოფილხარო ხელში.
აბა, ბინტი, იოდი და ბამბა.
შენ ნამდვილი ყოფილხარო გმირი,
რომ შესძელი გამოგევლო ბინდი.
დედაშენი მთელი დღეა სტირის,
აბა, ბამბა, იოდი და ბინტი.
ბავშვს ახსოვს სარდაფი და უფრო დაბლა
პატარა, მაგიდისოდენა სტამბა.
ეს ბნელი სარდაფი არჩია ბინად
მსოფლიო ამბების მომხდენმა შტაბმა.
რამდენი შიში და რამდენი კრთომა,
რამდენი სიცივის და ღამის დამბა.
გადასწვეს სარდაფი... და ახსოვს, ახსოვს
პატარა მაგიდისოდენა სტამბა.
რა? რას ამბობ? - შეეკითხენ - სტამბა?
იქიდან აქ მოვიტანეთ სტამბა,
შენ ნამდვილი ყოფილხარო გმირი.
აბა, ბინტი, იოდი და ბამბა.

[1928]