* * * ჯეკ ლონდონს რომ აქვს ერთი ამბავი...
[ციკლიდან „ეპოქა“]
ჯეკ ლონდონს რომ აქვს ერთი ამბავი
მოხეტე კაცის შეურაცხყოფის,
იმავ სიტყვებით მინდა გიამბოთ
ამბავი ჩვენი ასოთამწყობის.
ასოთამწყობი სდგას მოშორებით,
მას საიდუმლო შორს მიაქვს ფოშტა,
ის მატარებელს უცდის უთმენლად,
მატარებელიც, აჰა, გამოჩნდა.
იგი შეახტა მიმავალ კიბეს,
ჩუმად წავიდა და მიეფარა
ქვანახშირისგან გამურულ ვაგონს,
სადაც ქვები და ხე-ტყე ეყარა.
რომ ის ვერავინ ვერ შეამჩნია,
ესიამოვნა და გაიცინა,
ბალიშის ნაცვლად თავქვეშ ხურჯინი
მან ამოიდო და დაიძინა.
მაგრამ ამჩნევენ კონდუქტორები:
ასოთამწყობის ფერი ფერია,
მხოლოდ საბრალოს იმ თავიდანვე
უჩინრად მოსდევს ჟანდარმერია.
კონდუქტორებმა სთქვეს: ხომ სჯობია,
გავთავისუფლდეთ ახალ მსხვერპლიდან -
და გადასწყვიტეს: სადმე, როგორმე,
ის ჩამოაგდონ მატარებლიდან.
ასოთამწყობი დანიშნულ ადგილს
უნდა მივიდეს, ცხადია, ამბით.
გამოეღვიძა და იგრძნო მიდის
მატარებელი დიდის სისწრაფით.
ასოთამწყობი ხედავს: გუთანზე
გლეხებს რომ უყვართ დაღუნვა კისრის,
ის ხურჯინიდან იღებს მთელ ბღუჯა
პროკლამაციებს და ქარში ისვრის.
გლეხებმა ხელი გაუშვეს გუთანს
და კითხულობენ ამ მოწოდებას.
პროლეტარების უბადლო ბრძოლას,
ბურჟუაზიის გამოცოდებას.
ჟანდარმი შორით დაემუქრება;
კბილების ღრჭენა, დაქნევა თითის;
არ შეუძლია მას ახლო მისვლა:
მატარებელი სისწრაფით მიდის.
"მაშ, შემამჩნიეს": ასოთამწყობი
მაინც არ არის შემხრელი წარბის.
როცა ჩერდება მატარებელი,
ის ჩამოხტება და წინით გარბის.
სად წინათ იყო ასოთამწყობი,
იქ ჟანდარმები სწრაფად ჩნდებიან,
იმუქრებიან, იგინებიან
და რომ ვერ ხედვენ, გაოცდებიან.
სად უნდა იყვეს? და ჰკითხულობენ
პროკლამაციებს, კუთხეში ნაპოვნს.
ასოთამწყობი კი ხელმეორედ
სულ უკანასკნელს ახტება ვაგონს.
და მიდის, მიდის მატარებელი,
გადაიარა ტყენი და მთანი,
მატარებლის წინ სადღაც შორით-შორს,
კონდუქტორების მოსჩანს ფანარი.
ასოთამწყობი ახალგაზრდაა,
მას თვალები აქვს უშიშარ ქორის,
სწორედ ამიტომ არ ეშინია
არც ჟანდარმების, არც კონდუქტორის.
ღონიერია, მოხერხებული,
თუმცა არ იცის ამ გზათა რიგი,
მაინც გაიგო, რომ ჟანდარმებმა
კვლავ შეამჩნიეს ვაგონში იგი.
სადგურთან ხედავს შეკრებილ მუშებს,
ის არც აცხელებს და არც აციებს,
გადაიხრება და ხურჯინიდან
აწვდის წიგნებს და პროკლამაციებს.
ჟანდარმი ეხლა ისე იქცევა,
თითქო ვერ ამჩნევს სულაც წყეული,
ასოთამწყობი კი თვალადაა
და ყურადღებად გადაქცეული.
უცებ შუაგზად მოულოდნელად
გააჩერებენ მძიმე ორთქლმავალს,
ასოთამწყობი მისკენ მოქცეულს
სულ ახლოს ხედავს ჟანდარმებს მრავალს,
აბა, მეორე ვაგონში ჩქარა!
იქიდან გარბის ეხლა ისევე,
ჟანდარმები და კონდუქტორები
ეხლა შეერთდნენ და მას მისდევენ.
მატარებელი იძვრის. მდევარი
ისევ ბრუნდება. საქმე არ ხდება.
ასოთამწყობი მატარებელზე
უკანასკნელი კიბით ახტება.
მხიარული სდგას ასოთამწყობი,
და უცქერს როგორც გაბერილ ბუშტებს
იმ ჟანდარმებსა და კონდუქტორებს:
როგორ უღერენ შორიდან მუშტებს!
შემდეგ სადგურთან მას სამივე მხრით
მოერტყმებიან! წამია ზუსტი!
ასოთამწყობი თითქო ვერ ამჩნევს,
მოახლოვებას თანდათან უცდის!
ჟანდარმს ხელები გამზადებული
დასაჭერადა, დარჩა ჰაერში.
ასოთამწყობი სახურავზეა.
იქ მშვენიერად მოეწყო მტვერში.
მატარებელი მიდის. ჟანდარმებს
ბაგიდან წყდებათ სიტყვა ფაქიზი.
იგინებიან: ეს რა წყევლაა!
სულ „ო, მაგისი!“ და „ო, მაგისი!“
ასოთამწყობი სახურავიდან
პროკლამაციებს უგზავნის მგზავრებს,
მგზავრები გრძნობენ სიამოვნებით,
თუ ხელმწიფის ბედს რა დაამთავრებს.
ჟანდარმებს უნდათ, რომ სახურავზე
ავიდენ, მაგრამ იქ ხომ ძნელია;
ისევე ქვები და მისი ჯანი,
მაგრამ არ ხვდება, საკვირველია!
მალე იქნება წიფის გვირაბი.
სახურავი კი ეხლა შიშს ბადებს,
ასოთამწყობი ჩამოდის დაბლა.
უცებ... ვიღაცა მხარზე ხელს ადებს.
შეკრთება, მაგრამ მალე მშვიდდება,
იმის წინ მუშა-კაჩეგარია.
„ყოჩაღ!“ - ამბობს ის - ეხლა უშველე
თავს, თორემ მეტად საშიშარია.
საშიშარია? სრულებით არა!
ის ჟანდარმები რამ გააშეშა?
ასოთამწყობი სწრაფად მოექცა
გაჩერებული ბორბლების ქვეშა.
ეხლა მშვენივრად მას შეუძლია
გათენებამდე ამ ადგილს მოცდა.
მატარებლის ქვეშ თავს მშვენივრად გრძნობს
იქვე პლანშირთან, იქვე ტორმოზთან.
მხოლოდ იქ ძილი არ შეიძლება.
მაგრამ როგორც კი გზა გათავდება,
ხვალ ამხანაგებს მიუტანს ამბავს,
რომ მთავრობაძე, მგონი, თავდება.
[1928]